უკრაინას აშშ-ის გენერალური პროკურორი ეწვია

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება, პასუხი აგებინოს რუსეთს სამხედრო დანაშაულებისთვის.

გარლანდი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ქალაქ ლვოვში შეხვდა. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი წერს.

გარლანდმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ კონფერენციის მისიაა პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ლიდერების იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც მათმა სამხედროებმა უკრაინაში ჩაიდინეს.

გარლანდმა გაიმეორა ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება, პასუხი აგებინოს რუსეთს უკრაინაში მისი უსამართლო და არაპროვოცირებული შეჭრისას ჩადენილი დანაშაულებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, გარლანდის ვიზიტი საჯაროდ წინასწარ გამოცხადებული არ იყო.

"სულ რაღაც 12 თვის წინ, შეიარაღებული კონფლიქტის დროს შემოჭრილმა რუსულმა ძალებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სისასტიკეების ჩადენა დაიწყეს." - თქვა გარლანდმა კონფერენციის გახსნის სესიაზე.  

ამერიკის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კონფერენციაზე გარლანდის ყოფნა სიმბოლური და სტრატეგიულია, რათა იუსტიციის დეპარტამენტის ომის დანაშაულების ჯგუფის მუშაობა გაუმჯობესდეს.

ის ასევე სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა - უკრაინის გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინს, პოლონეთის იუსტიციის მინისტრ ზბიგნევ ზიობროს და აშშ-ის ელჩს უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკს.

მსგავსი სიახლეები