უკრაინასა და პუტინზე სკანდალური განცხადებების ავტორი ვიცე-ადმირალი გადადგა

 

პუტინსა და უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კაია-ახიმ შიონბახი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა შიონბახის განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

ვიცე-ადმირალმა გადადგომამდე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და საქართველოზე რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი “პატივისცემას იმსახურებს” და უკრაინა კი ყირიმს ვერასდროს დაიბრუნებს.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. საქართველო - აკმაყოფილებს, მაგრამ ალიანსში მისი მიღება ჭკვიანური არ იქნება.

ვიცე-ადმირალის განცხადებების გასაპროტესტებლად და გერმანიის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის გადაცემის დაბლოკვის გამო, კიევში გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია შაბათს, 22 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

სამინისტროს განცხადებით, მათ იმედი გამოთქვეს, რომ გერმანია უკრაინის მხარდასაჭერად პროაქტიულ პოზიციას დაიჭერს.

მსგავსი სიახლეები