უკრაინაში მინიმუმ 300 რუსი ოფიცერი და 500 საუკეთესო ჯარისკაცი მოკვდა
რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან ამ დრომდე მინიმუმ 300 ოფიცერი და ყველაზე ბრძოლისუნარიანი 500 ჯარისკაცი დაკარგა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რესურსი Медиазонa ავრცელებს.
გამოცემის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალაში სათაურით - "ვინ კვდება უკრაინასთან ომში" - შესწავლილია სოციალურ ქსელებში და ღია წყაროებში გამოქვეყნებული ცნობები სამხედროების გარდაცვალების შესახებ.
გამოცემის რედაქტორის თქმით, ჟურნალისტებმა ჯამურად დაახლოებით სამხედროების გარდაცვალების შესახებ გავრცელებული 1 700-ზე მეტი შეტყობინება შეისწავლეს. საუბარია სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებზე; ადგილობრივ, რეგიონული პრესის მასალებზე; ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ცნობებზე.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით დაღუპულებში შედიან მედესანტეები, სპეცრაზმელები და საზღვაო ქვეითები.
გამოცემის რედაქტორის, დმიტრი ტრეშანინის თქმით, მათი მონაცემები სრული არ არის და მოკლულების რიცხვი გაცილებით მაღალია. ტრეშანინი აღნიშნავს, რომ მოკლული ოფიცრების მაღალი რიცხვი რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, მათ შორის პირველ რიგში არის ის, რომ ოფიცრების გარდაცვალების შესახებ ცნობები უფრო ხშირად ვრცელდება.
ასევე, ის, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა რიგითი ჯარისკაცისგან განსხვავებით ცდილობს ოფიცრის ცხედარი ჭირისუფლებს სამშობლოში გაუგზავნოს - გარდაცვლილის სამხედრო პატივით დაკრძალვის მიზნით.
ტრეშანინის თქმით, მოკლულების საშუალო ასაკი 20-23 წლის ფარგლებში მერყეობს. მისივე განმარტებით, რუსეთის შეიარაღებული ძალებში დანაკარგების მაქსიმუმი 24 თებერვლიდან 12 მარტამდე პერიოდში მოდის, თუმცა ეს შესაძლოა უბრალოდ ტექნიკური მიზეზით იყოს გამოწვეული და სწორედ ამ დროში დაეფიქსირებინათ დანაკარგები, რომელსაც მანამდე არ აფიქსირებდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთის დანაკარგების რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა, საუბარია მოკლულებზე, უგზო-უკვლოდ დაკარგულებსა და ტყვედ აყვანილ სამხედროებზე.
უკრაინაში შეჭრის მომენტიდან ამ დრომდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი დანაკარგების შესახებ ოფიციალური ცნობები სულ ორჯერ გაავრცელა. პირველად 2 მარტს - მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში მოკლულია 498 სამხედრო პირი.
მეორედ კი 25 მარტს - მაშინ რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ამბობდნენ, რომ უკრაინაში 1351 ჯარისკაცი მოკვდა, ხოლო დაიჭრა 3 800-ზე მეტი.