უკრაინაში ომის ფონზე, პოლონეთში სამხედრო სამსახურის მიმართ ინტერესი გაიზარდა

პოლონეთში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე, ჯარში სამსახურის მიმართ მოქალაქეების ინტერესი გაიზარდა. 2022 წელს ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 13 742 ახალი ადამიანი მიიღეს, რაც 2008 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შემდეგ, რეკორდია.

ამ ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი 28 იანვარს ავრცელებს.

ოფიციალური პირის თქმით, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს ამჟამად 164 000 ჯარისკაცი ჰყავს, მათ შორის 36 000 ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების წევრი მოხალისე.

ვარშავა ელოდება, რომ უახლოეს წლებში ქვეყანაში სამხედრო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება - 250 000-მდე პროფესიონალი ჯარისკაცი და 50 000-მდე ტერიტორიული თავდაცვის მოხალისე. პოლონეთში, ასევე 2022 წლის შემოდგომიდან, ყველასთვის ერთდღიანი საბაზისო სამხედრო მომზადების კურსები ტარდება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პოლონეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ კრემლის მტაცებლური ამბიციები საფრთხეს უქმნის ევროპასა და კონკრეტულად პოლონეთს. ამრიგად, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბელორუსის მოსაზღვრე პოდლასკის სავოევოდოში შეიქმნა ახალი სამხედრო ნაწილი - პირველი ქვეითი დივიზია. ბლაშჩაკმა მისი აუცილებლობა იმით ახსნა, რომ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრებს მიღმა არის "რუსეთის იმპერიის აღდგენის მცდელობა", რომელსაც მინისტრმა "ბოროტების იმპერია" უწოდა.

მანამდე, პოლონეთის სეიმმა რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა, ხოლო პოლონეთმა რუსეთის კალინინგრადის რეგიონის საზღვარზე ბარიერები აღმართა.  

გარდა ამისა, 2022 წელს პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან სხვადასხვა ტიპის იარაღის შესყიდვაზე დადო შეთანხმება, რაც სეულისთვის რეკორდული საექსპორტო ხელშეკრულებაა ისტორიაში.

 

მსგავსი სიახლეები