უკრაინაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

 

უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების, Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხანა აშენდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსი რეზნიკოვმა განაცხადა. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცნობით, საფრენი აპარატები უკრაინაში წარმოებული ძრავებით იქნება აღჭურვილი.

"ამ შეთანხმების რეალური შინაარსით დატვირთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი - თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იქნება. ამავე საწარმოს ბაზაზე შეიქმნება სასწავლო ცენტრი, რომელშიც უკრაინელი სამხედროები აპარატის მართვას შეისწავლიან",- თქვა როზოვსკიმ. 

ხაზგასასმელია, რომ ამის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება თურქეთსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის ფარგლებში დელეგაციების შეხვედრისას გაფორმდება.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინაში წარმოებულ აპარატებს გამოიყენებენ როგორც უკრაინელი, ასევე თურქი სამხედროებიც. 

Bayraktar - თურქული წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური, საშუალო სიმაღლისა და ხანგრძლივი ფრენის შესაძლებლობის მქონე უპილოტო საფრენი აპარატია. უკრაინამ უკვე შეიძინა თურქული აპარატების რამდენიმე პარტია. 

თურქულ დრონზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ - სამხედრო ექსპერტების თქმით, აპარატებმა ომის შედეგების განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.  

 

მსგავსი სიახლეები