უკრაინაზე მასირებული სარაკეტო თავდასხმა რუსეთს $900 მილიონამდე დაუჯდა
15 ნოემბერს უკრაინაზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო თავდასხმა რუსეთს 700-დან 900 მილიონ დოლარამდე დაუჯდა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული Forbes ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ დაუზუსტებიათ გამოყენებული რაკეტების ნაირსახეობების ზუსტი რაოდენობები, თუმცა ცნობილია, რომ ჯამურად, რუსეთმა 4 ტიპის რაკეტა და 3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.
რუსების მიერ გამოყენებული რაკეტების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:
- X-101-ის ტიპის რაკეტები - ერთი ასეთი რაკეტის ღირებულება 13 მილიონი დოლარია;
- X-555-ის ტიპის რაკეტები - ერთი ასეთი რაკეტის ღირებულება 7.5 მილიონი დოლარია;
- Калибр-ის ტიპის რაკეტები - ერთი ასეთი რაკეტის ღირებულება 6.5 მილიონი დოლარია;
- X-59-ის ტიპის რაკეტები - ერთი ასეთი მართვადი რაკეტის ღირებულება 300 ათასი დოლარია;
გარდა რაკეტებისა, გუშინდელ შეტევაში რუსეთის არმიამ გამოიყენა ირანული წარმოების Shaheed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები და რუსული წარმოების Орион-ის და Орлан-ის ტიპის დრონები.
ირანული დრონების ფასი 20-დან 50 ათას დოლარამდე მერყეობს, ხოლო რუსული წარმოების დრონების ფასი დაახლოებით 30 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამგვარად, გუშინდელი მასირებული იერიშისას გამოყენებული შეიარაღების ჯამური ღირებულება 700-დან 994 მილიონ დოლარამდეა.
კონტექსტი
15 ნოემბერს რუსეთის არმიამ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. სარაკეტო შეტევების უდიდესი ნაწილი კიევსა და უკრაინის ჩრდილოეთ რაიონებზე მოდის, თუმცა კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანებულია ქვეყნის თითქმის ყველა რაიონში, მათ შორის დასავლეთ ნაწილსა და უმსხვილეს ქალაქებში.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლის, იური იგნატის თქმით, უკრაინის მიმართულებით ჯამურად 100-მდე რაკეტა გაისროლეს, მათი ნაწილი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გააუნებელყვეს, თუმცა მიყენებული ზიანი რიგ შემთხვევებში კრიტიკულია.
საჰაერო განგაში მუშაობდა უკრაინის ყველა რაიონში - აქამდე ყველაზე მასშტაბურ სარაკეტო იერიშად 10 ოქტომბერი მიიჩნეოდა, როდესაც მთელი უკრაინის ტერიტორიაზე 84 რაკეტა ჩამოვარდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 75 რაკეტის განეიტრალება შეძლეს.