უკრაინაზე სარაკეტო შეტევის შედეგად დენის მიწოდება შეუწყდა მოლდოვის დიდ ნაწილს

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დენის მიწოდება შუეწყდა მოლდოვის დიდ ნაწილსაც. 

მოლდოვის ელექტროენერგიის უმსხვილესი ოპერატორის ცნობით, ფუნქციონირება შეწყვიტა ქვეყნის მთავარმა ელექტროგადამცემა ხაზმა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანას დენი რუმინეთიდან მიეწოდებოდა. 

ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქვეყნის 5 რაიონს, მათ შორის დედაქალაქ კიშინიოვსაც.

მოლდოვის ვიცე-პრემიერის, ანდრეი სპინუს თქმით, გათიშვების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევებია, რომელმაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანა. 

სპინუს თქმით, უშუალოდ ელექტროგადამცემი ხაზები არ დაზიანებულა, თუმცა სარაკეტო შეტევების შედეგად უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ავტომატურად გაითიშა. 

კონტექსტი

ბოლო საათებში, შესაძლოა, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოხდა.

 

ამის შესახებ ცნობები უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წინასწარი მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დროის მოკლე მონაკვეთში 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. 

შედარებისთვის, აქამდე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა 10 ოქტომბერს მოხდა, როდესაც უკრაინის მიმართულებით ერთდროულად 84 რაკეტა გაისროლეს. სწორედ ამ დღეს დაიწყო რუსეთის არმიამ მასირებული სარაკეტო კამპანია, რომლის მთავარი მიზანიც უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაა. 

სარაკეტო შეტევების უდიდესი ნაწილი კიევსა და უკრაინის ჩრდილოეთ რაიონებზე მოდის. 

რაკეტების ნაწილი მოხვდა საცხოვრებელ სახლებსაც, ამ დროისთვის ცნობილია ერთი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ. 

სარაკეტო შეტევების შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა კიევის მაცხოვრებლების ნახევარზე მეტი. "დედაქალაქში ვითარება კრიტიკულია, წესდება ავარიული გათიშვების გრაფიკი. უკრენერგო იძულებულია დაიწყოს საგანგებო გათიშვები ენერგოსისტემის ბალანსირებისთვის", - ნათქვამია ზელენსკის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები