უკრაინელებმა მელიტოპოლსა და ტოკმაკს შორის სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს
3 ივლისს, ზაპოროჟიის რაიონის დროებით ოკუპირებულ სოფელ ლიუბიმოვკაში, დაუდგენელმა პირებმა სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Мелитополь ავრცელებს.
"რუსი ფაშისტები ამ გზას იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მატარებლებით ფრონტზე გადასაყვანად იყენებდნენ. როგორც ხედავთ, რუსი ფაშისტების ფეხქვეშ მიწა ნამდვილად იწვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციას, რომ მატარებლების მოძრაობა მელიტოპოლიდან ბერდიანსკში მთლიანად პარალიზებულია, მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვიც ადასტურებს.
მისი თქმით, ამან შეუძლებელი გახადა ბერდიანსკისა და დონეცკის მიმართულებით გადაადგილება. ფედოროვმა დასძინა, რომ 4 ივნისიდან ხანძარი გრძელდება მელიტოპოლის აეროდრომზე, რომელზე განთავსებული რუსული ბაზაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს.