უკრაინელებმა სამხრეთში რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს - CNN

როგორც ჩანს, ზაპორიჟიეს რეგიონში უკრაინელმა მებრძოლებმა რუსი სამხედროების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

ამის შესახებ CNN წერს.

"მზარდი ნიშნებია, რომ უკრაინულმა ჯარმა სამხრეთის ფრონტის ნაწილზე რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია და აფართოებს შეტევას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ ტოკმაკის მიმართულებით. ახლა რამდენიმე რუსი სამხედრო ბლოგერი სამხრეთის ფრონტეზე რუსეთის ჯარებისითვის მწარე სურათს ხატავს." - წერს გამოცემა.

კერძოდ, ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ სამხრეთით უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევდნენ ნოვოპროკოპოვკასკენ (ეს დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. - რედ.), ასევე დაიწყო პარალელური შეტევა აღმოსავლეთით ვერბოვოის რაიონში - მძიმე პირობებში, ძლიერი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ.

ზოგიერთი რუსი ე.წ. სამხედრო კორესპონდენტი იუწყება, რომ უკრაინა თვითმფრინავებს იყენებს ქვეითი ჯარის წინსვლის დასაცავად და დამატებითი ჭურვების მარაგი გადაისროლა მალაია ტოკმაჩკას რაიონში.

ასევე, ზოგიერთი "სამხედრო კორესპონდენტის" თქმით, რუსეთის ჯარებმა თავიანთი პოზიციები მინიმუმ თვენახევრის განმავლობაში უნდა შეინარჩუნონ, რათა წარმატების მიღწევა ფრონტის სხვა სექტორში სცადონ და ბრძოლის ველზე სიტუაცია შეცვალონ.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარმა თავდაცვის მთავარი, პირველი ხაზის გავლა მოახერხა, რომელსაც რუსები რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდნენ.

ამასთან, უკრაინის შეტევას, რომელიც უკვე 8 კვირაა გრძელდება, "ძალიან ნელი" უწოდა.

მსგავსი სიახლეები