უკრაინელი სამართალდამცავები Airbus-ის შვეულმფრენების საქმეზე ავაკოვის სახლს ჩხრეკენ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გამოძიების სახელმწიფო ბიურომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, არსენ ავაკოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ამის შესახებ Українська правда-ს თავად ავაკოვმა განუცხადა.
საქმე ეხება ფრანგული Airbus-ის შვეულმფრენების შეძენას.
კონტექსტი
2018 წლის 29 მაისს, პარიზში, უკრაინისა და საფრანგეთის მთავრობებს შორის 552 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა საავიაციო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო დაცვის ერთიანი სისტემის შექმნის ოფიციალური მხარდაჭერის შესახებ.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ფრანგულ მხარეს უკრაინისთვის ორ ეტაპად უნდა მიეწოდებინა ჯერ 37 Airbus-ის შვეულმფრენი, შემდეგ კი კიდევ 18 შვეულმფრენი. აქედან 21 შვეულმფრენი არის H225 მოდელის ვერტმფრენები, რომელთა ტვირთამწეობა 10 ტონაზე მეტია.
სატრანსპორტო სტრატეგიების ცენტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტრაქტით გათვალისწინებული 55 ფრანგული ვერტმფრენიდან, 21 ვერტმფრენით უკვე სარგებლობდა.
2023 წლის 18 იანვარს, დილით, კიევის რეგიონში, ბროვარში, სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი ხელმძღვანელობა: შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. სულ 14 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი საფრანგეთმა უკრაინას 2020 წლის აგვისტოში გადასცა.
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტრაგედიის რამდენიმე ძირითად ვერსიას განიხილავს: ფრენის წესების დარღვევას (პილოტის შეცდომა); ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა; დივერსია.