უკრაინელი ტანკისტები ბრიტანეთში წვრთნებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
უკრაინული სატანკო ეკიპაჟები დიდ ბრიტანეთში წვრთნების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ The Guardian 27 მარტს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
რამდენიმე კვირაა, ბრიტანელი სამხედროები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Challenger 2-ის ტანკების ოპერირებას ასწავლიან, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს.
The Guardian აღნიშნავს, რომ უკრაინული ეკიპაჟები და ბრიტანული ტანკები უკრაინის შეიარაღებული ძალების საგაზაფხულო კონტრშეტევის დასაწყებად პოზიციებზე უნდა იყვნენ.
29 იანვარს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელი ტანკისტები დიდ ბრიტანეთში წვრთნებისთვის ჩავიდნენ.
კონტექსტი
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, 2022 წელს გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას 2.3 მილიარდი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა, რაც მეტია, ვიდრე "ნებისმიერი სხვა ქვეყანის დახმარება შეერთებული შტატების გარდა."
11 იანვარს ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აპირებს უკრაინას ტანკები მიაწოდოს. მოგვიანებით მთავრობამ განმარტა, რომ სამხედრო დახმარების პაკეტში შედის 14 ტანკი Challenger 2 და 30 თვითმავალი ჰაუბიცა AS90.
4 მარტს უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რიში სუნაკის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ უკრაინა ორჯერ მეტ, 28 Challenger 2-ის ტანკს მიიღებს.