უკრაინის არმია: დონბასში 9 იერიში მოვიგერიეთ, გავანადგურეთ 11 ტანკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების დონბასში გამაგრებული დაჯგუფება კვლავაც წარმატებით იცავს თავს და ოკუპანტებს წინსვლის საშუალებას არ აძლევს. 

"უკრაინის მცველებმა დონბასში გაანადგურეს 11 ტანკი, 12 საარტილერიო დანადგარი, 4 ერთეული სპეცტექნიკა, 14 ერთეული ჯავშანტექნიკა, 3 ერთეული სპეციალური საინჟინრო ტექნიკა, 4 საწვავმზიდი და 1 საზენიტო დანადგარი. საჰაერო თავდაცვის დანაყოფმა ჩამოაგდო 3 უპილოტო საფრენი აპარატი, არლანი",- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ შეტყობინებაში. 

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალისხმევა ძირითადად უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთითაა მიმართული. კიევის მისადგომებთან განცდილი მარცხის შემდეგ, 29 მარტს რუსეთმა კიევისა და უკრაინის ჩრდილოეთ მიმართულებით სამხედრო აქტივობის შემცირების შესახებ გამოაცხადა და ეტაპობრივად ადგილზე ჩარჩენილი ნაწილები გამოიყვანა. 

ამის ფონზე ეტაპობრივად იზრდებოდა რუსეთის საომარი აქტივობა აღმოსავლეთ ფრონტზე, კერძოდ დონბასში. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით უკრაინაში მიმდინარე ომის მეორე ფაზა სწორედ დონბასისთვის დიდი ბრძოლა იქნება. 

სავარაუდოა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს დონბასში განთავსებული უკრაინის შეიარაღებული ძალების უმსხვილესი დანაყოფების ალყაში მოქცევა და განადგურება აქვთ დასახული მიზნად. 

სხვადასხვა მონაცემებით, დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების 44-ათასიანი დანაყოფია, რომელიც უკრაინის არმიის ყველაზე გამოცდილი, ბრძოლისუნარიანი, კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი დანაყოფია. 

სამხედრო ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დონბასის მიმართულებით რუსეთს სრულმასშტაბიანი შეტევა ჯერ კიდევ არ წამოუწყია და ოკუპანტებს იერეშის ინტენსივობისა და მასშტაბის რესურსი ჯერ კიდევ გააჩნიათ. 

მსგავსი სიახლეები