უკრაინის ელჩი გერმანიაში დემონსტრაციებზე რუსეთის დროშის აკრძალვას ითხოვს
უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა ხელისუფლებას გერმანიის ქალაქებში პრორუსულ დემონსტრაციებზე რუსული დროშების და სხვა სახელმწიფო სიმბოლოების აკრძალვისკენ მოუწოდა.
"ეს კანონით უნდა აიკრძალოს მანამ, სანამ რუსეთი აწარმოებს გამანადგურებელ ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ," - თქვა მელნიკმა dpa-სთან ინტერვიუში.
დიპლომატის თქმით, რუსული სიმბოლოების დემონსტრირებას არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან, არამედ არის "ბარბაროსული აგრესიის განდიდება" ევროპის ცენტრში.
მელნიკი პირობას დებს, რომ ამ საკითხზე "ძალიან კონკრეტულ მოლაპარაკებებს" გამართავს გერმანიის მთავრობასთან.
"საერთოდ არ მესმის, რატომ ხუჭავენ ამაზე თვალს გერმანელი პოლიტიკოსები. თუ მიდიხარ დემონსტრაციაზე რუსული დროშით, მაშინ ავტომატურად უჭერ მხარს სახელმწიფოს, რომელიც აწარმოებს გამანადგურებელ ომს უკრაინისა და ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ". - თქვა უკრაინის ელჩმა ბერლინში.