უკრაინის გამარჯვება დასავლეთის სტრატეგიული იმპერატივია - თრასის მოხსენება

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა ლორდ-მერის რეზიდენციაში გამართულ სააღდგომო ბანკეტზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ბრიტანეთის მთავარი ამოცანები დაასახელა. 

თრასის თქმით, რუსმა სამხედროებმა უნდა დატოვონ მთელი უკრაინის ტერიტორია, მათ შორის ანექსირებული ყირიმიც. 

მისი მოხსენება ამ დრომდე უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან და დიდი ბრიტანეთის ამოცანებთან დაკავშირებით ოფიციალური ლონდონის მიერ ყველაზე მკაფიოდ არტიკულირებულ პოზიციად იქცა.

თრასმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება მთელი დასავლეთის სტრატეგიულ იმპერატივს წარმოადგენს.

ფორინ ოფისის ხელმძღვანელმა თავის მოხსენებაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დასავლეთმა უნდა გააკეთოს ყველაფერი რათა მომავალში რუსეთს აღარ შეეძლოს რომელიმე მეზობელზე თავდასხმა - მათ შორის, მისი თქმით, დასავლურმა დემოკრატიებმა უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და ყველაფერი უნდა გააკეთონ რუსეთის სრული ეკონომიკური იზოლაციისთვის:

მინისტრმა უკრაინის შეიარაღების საკითხზეც ისაუბრა:

"მძიმე შეიარაღება, ტანკები, თვითმფრინავები, კარგად უნდა გადავხედოთ ჩვენს მარაგებს, გავზარდოთ წარმოება, ჩვენ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გავაკეთოთ."

თავის მოხსენებაში თრასმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დასავლეთმა უნდა წაართვას პუტინს ნებისმიერი გამარჯვების გამოცხადების საშუალება, რაც ამ უკანასკნელმა შესაძლოა ახალი მსოფლიო წესრიგის გამოცხადების კატალიზატორად გამოიყენოს. 

"თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ეს მთელი ევროპისთვის დიდი განსაცდელით დასრულდება და მთელ მსოფლიოს საშინელი საფრთხე შეექმნება. ჩვენ ვეღარსდროს ვიგრძნობთ თავს უსაფრთხოდ", - განაცხადა თრასმა. 

ფორინ ოფისის ხელმძღვანელმა ისაუბრა ტრანს-ატლანტიკურ ალიანსზეც. მისი თქმით, ნატო ჭეშმარიტად გლობალურ ორგანიზაციად უნდა ჩამოყალიბდეს, ხოლო გლობალურად აგრესიისკენ მიდრეკილ ქვეყნებზე ეკონომიკური დამოკიდებულება დრამატულად უნდა შემცირდეს:

"ვთქვათ გულწრფელად - მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად შექმნილმა სტრუქტურამ უკრაინა ვერ დაიცვა. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომა, რომელიც გააერთიანებდა ფიზიკურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას და შესაძლებელი იქნებოდა უფრო მჭიდრო გლობალური ალიანსების ჩამოყალიბება, რომელშიც თავისუფალი სახელმწიფოები თავდაჯერებულები იქნებოდნენ."

 

მსგავსი სიახლეები