უკრაინის გენპროკურორი: ომის დანაშაულის 21 ათასზე მეტ შემთხვევას ვიძიებთ

უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა აცხადებს, რომ 24 თებერვლის შემდეგ საქმე ომის დანაშაულის 21 ათასზე მეტ შემთხვევაზე აღიძრა.

ვენედიქტოვას განცხადებით, ყოველდღე გენპროკურატურაში შესაძლო ომის დანაშაულის შესახებ 200-დან 300-მდე შეტყობინება შედის.

უკრაინის გენპროკურორის თქმით, სასამართლოს პროცესის ჩატარება ბრალდებულის გარეშე უწევს, თუმცა ძიების გაგრძელება „სამართლიანობის საკითხია“.

„მნიშვნელოვანია, რომ რუს სამხედროებს - რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობაზე ძალადობა, მათი წამება და მოკვლა გადაწყვიტეს - ესმოდეთ, რომ მათი სასამართლოს წინაშე წარსდგომა მხოლოდ დროის საკითხია“, - თქვა ვენედიქტოვამ BBC-სთან საუბარში.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისმა უკრაინის ომზე სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში „პოტენციური ომის დანაშაულები“ ჩაიდინეს.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები განურჩევლად ბომბავდა დასახლებულ რაიონებს, კლავდა მშვიდობიანებს და ანადგურებდა საავადმყოფოებს, სკოლებს და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა კომისრის ოფისის პრეს-სპიკერმა.

მსგავსი სიახლეები