უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტი 600 000-მა ადამიანმა აიღო

ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში რუსული პასპორტი 600 000-მა ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ 12 მაისს, ფეისბუქზე უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ დაწერა.

“რუსეთი აგრძელებს და ბოლო დროს ზრდის მასობრივი პასპორტიზაციის ტემპებს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს,” - ნათქვამია დენისოვას პოსტში.

მისი განმარტებით, პასპორტებს ძირითადად სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები, მასწავლებელები და ექიმები იღებენ.

“მოქმედებენ პრინციპით: თუ პასპორტს არ აიღებ, ვერ იმუშავებ,” - აღნიშნა ომბუდსმენმა.

დენისოვამ ასევე თქვა, რომ რუსეთი ანექსირებულ ყირიმშიც იგივე ტაქტიკით მოქმედებს.

“პედაგოგები ვალდებული არიან საპასპორტო რეგისტრაცია სქრინშოტებით დაადასტურონ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საოკუპაციო ხელისუფლება მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება,” - განაცხადა დენისოვამ.

მსგავსი სიახლეები