უკრაინის ომბუდსმენი: რუსეთის ტყვეობაში 28 ათასი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა
რუსეთს ტყვეობაში 28 ათასი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ჰყავს, მათი მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე "თავისუფლება თუ შიში" განაცხადა.
მან სამოქალაქო პირების დატყვევებას, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობის ახალი სისტემა უწოდა.
"დღეს მდგომარეობით, უკრაინის 28 ათასი მოქალაქე რუსეთის ფედერაციის ტყვეობაშია. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ ვაწვდით მედიკამენტებს. და კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას: დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!" - აღნიშნა ლუბინეცმა.
უკრაინის ომბუდსმენის ინფორმაციით, რუსების ტყვეობაში მყოფთა შორის 65 წელს გადაცილებული 2000 უკრაინელია. იყო შემთხვევები, როდესაც 80 წელს გადაცილებულ ადამიანებს მხოლოდ პროუკრაინული განცხადებების გამო აპატიმრებდნენ.
სამხედრო ტყვეების თემაზე, ლუბინეცმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუს სამხედრო ტყვეებს ჟენევის კონვენცია იცავს - წითელი ჯვრის წარმომადგენლები სპეციალურად შექმნილ ბანაკში მუდმივად შედიან, ამოწმებენ პატიმრობის პირობებს და პატიმრებს ნათესავებთან დარეკვა ყოველ კვირას შეუძლია.
"რა ბედი ეწევათ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს? ჩვენ არც კი ვიცით სად არიან, არც კი ვიცით მათი რაოდენობა." - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენი.