უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი: ხერსონზე კონტროლს დღეს დავიბრუნებთ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ხერსონზე კონტროლს დღეს, 26 მარტსვე დაიბრუნებენ.
ამის შესახებ მარკიან ლუბკივსკიმ BBC Radio 4-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მიმაჩნია, რომ ქალაქი დღესვე უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულ კონტროლქვეშ გადავა", - განაცხადა ალექსეი რეზნიკოვის მრჩეველმა.
"ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში დავასრულეთ ოპერაციები კიევის რაიონში. ამიტომაც შეიარაღებული ძალების სხვა ნაწილები ამ დროისთვის კონცენტრირებულები არიან სამხრეთის მიმართულებაზე, სადაც ხერსონის დაბრუნებას ცდილობენ", - ამბობს ლუბკივსკი.
ჯერჯერობით, ხერსონი რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქია. მიუხედავად ამისა, ოკუპანტები რეგიონში კვაზისახელმწიფოებრივი გაერთიანების შექმნას და ადგილობრივი ხელისუფლების გადაბირებას შეეცადნენ.
ოკუპანტების მცდელობის მიუხედავად ადგილობრივმა საკრებულომ მყარი უმრავლესობით მიიღო დადგენილება, რომ ხერსონი უკრაინაა. ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელი მებრძოლები ხერსონის მიმართულებით კონტრ-შეტევებზე გადავიდნენ.