უკრაინული F-16-ის ჩამოვარდნის ვერსიებს შორის არის "მეგობრული ცეცხლი" - ამერიკის ხმა
უკრაინის სამხედრო სარდლობა განიხილავს F-16-ის გამანადგურებლის ჩამოვარდნის სხვადასხვა ვერსიას, მათ შორის, როგორც პილოტის შეცდომას, ასევე საჰაერო თავდაცვის "მეგობრულ ცეცხლს."
ამ ინფორმაციას "ამერიკის ხმის" უკრაინული სამსახური, უკრაინის საჰაერო ძალების უსახელო წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანონიმურობის პირობით, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ "განიხილება სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის მეგობრული ცეცხლი საჰაერო თავდაცვისგან, ტექნიკური გაუმართაობა და პილოტის შეცდომა."
"მაგრამ ზუსტი მიზეზები მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი," - განაცხადა მან.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ F-16-თან "კომუნიკაცია დაიკარგა" საჰაერო ბრძოლის დროს, მომდევნო სამიზნესთან მიახლოებისას.
"როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავი ჩამოვარდა და პილოტი გარდაიცვალა," - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
ამავე შეტყობინებაში ვკითხულობთ, რომ კატსტროფის მიზეზების დასადგენად თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიაა შექმნილი, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მუშაობს.
29 აგვისტოს არაერთმა დასავლურმა მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 აგვისტოს უკრაინაში F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა.
უკრაინელი მფრინავი ოლექსი მესი დაიღუპა რუსული მასიური სარაკეტო და დრონების შეტევის მოგერიებისას.