უნგრეთი უკრაინის საზღვართან ჯარებს აგზავნის
უნგრეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ უნგრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, უკრაინის საზღვართან, ჯარებს გაგზავნის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტრომ არ დააკონკრეტა სამხედროების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის საზღვართან გადაისროლეს, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიზნებით გადაიყვანეს.
უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა ტიბორ ბენკომ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ქვეყნის აღმოსავლეთისკენ სამხედრო ტექნიკა გაემართება.
მან ასევე განმარტა, რომ სამხედრო მანევრები პრევენციული ხასიათისაა, რადგან შესაძლოა კონფლიქტმა აღმოსავლეთიდან დასავლეთ უკრაინაში გადაინაცვლოს.
უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას მოჰყვა.