უნგრეთის ახალმა პრეზიდენტმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში პუტინის აგრესია დაგმო
14 მაისს უნგრეთში ახალი პრეზიდენტის, კატალინა ნოვაკის ინაუგურაცია მოხდა. მან თავისი გამოსვლის ნაწილი მიუძღვნა რუსეთის ფედერაციის ომს უკრაინის წინააღმდეგ - დაგმო თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე, მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში შესვლას, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი გააგრძელებს თავისი ინტერესების დაცვას და უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს. ნოვაკის გამოსვლა მისმა პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნგრელები ახლა გაერთიანებულნი არიან განზრახვით და ნებით, რომ შექმნან უკეთესი, უფრო მშვიდობიანი, მდიდარი და უსაფრთხო ცხოვრება მე-20 საუკუნის აჯანყებების შემდეგ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უნგრელებს ახლა ბევრი მიზეზი აქვთ გასახარებლად, მათ ცხოვრებას მიმდინარე ომი "ჩრდილს აყენებს".
"ჩვენ ვგმობთ პუტინის აგრესიას, შეიარაღებულ თავდასხმას სუვერენულ სახელმწიფოზე. ჩვენ სამუდამოდ ვეტყვით "არას" საბჭოთა კავშირის აღდგენის ყველა მცდელობას. ჩვენ უნგრელებს გვინდა მშვიდობა აქ და მეზობელ ქვეყნებში, ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი. ჩვენ არ ვართ ნეიტრალური. ჩვენ უდანაშაულო მსხვერპლთა და სიმართლის მხარეს ვართ. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს ევროკავშირისა და ნატოს ალიანსების ფარგლებში და როცა გვაქვს უფლება ვთქვათ უარი გადაწყვეტილებზე და ამას უნგრეთის ინტერესები მოითხოვს, ვამბობთ არას." - თქვა უნგრეთის ახალმა პრეზიდენტმა.
ნოვაკმა აღნიშნა, რომ როდესაც პირველი უკრაინელი ლტოლვილები ჩავიდნენ უნგრეთში, ქვეყნის მაცხოვრებლები "მათ უყოყმანოდ დაეხმარნენ". მისი თქმით, მას შემდეგ უნგრეთში 700 000 ლტოლვილი ჩავიდა. მან თანამემამულეებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ უნგრეთმა "ჰუმანურობის გამოცდა ჩააბარა".
პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ზოგჯერ მარტოა, მას ჰყავს მსოფლმხედველობრივი მოკავშირეები და მეგობრები.
"სხვებმა იციან, რომ უნგრელები მამაცი თანამებრძოლები არიან, რომლებიც სიტყვას ასრულებენ. ხანდახან არასაიმედო მეგობრებს ვხვდებით, მაგრამ როცა ეს ნამდვილად საჭიროა, არ გავრბივართ", - თქვა მან და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში, 17 მაისს, ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდება.