უნგრეთის ოპოზიცია პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის გადადგომას მოითხოვს

უნგრეთის ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის გადადგომას მოითხოვენ. მიზეზი სახელმწიფო მეთაურის მიერ სექსუალურ ძალადობაში თანამონაწილეობისთვის მსჯავრდებული პირის მოადგილის შეწყალებაა.

სახელმწიფო ბავშვთა სახლის დირექტორის მიერ 2004-2016 წლებში მინიმუმ 10 მოზარდზე სექსუალური ძალადობის ფაქტების დაფარვის გამო, დირექტორის მოადგილეს 2018 წელს სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კატალინ ნოვაკმა სექსუალურ ძალადობაში თანამონაწილეობისთვის მსჯავრდებული 2023 წლის აპრილში შეიწყალა.

კრიტიკის ქარცეცხლში ნოვაკის გარდა, უნგრეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, იუდით ვარგაც მოექცა, რომელიც შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაეთანხმა.

ოლგა კალმანი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, „დემოკრატიული კოალიციის“ დეპუტატი აცხადებს, რომ კატალინ ნოვაკი პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას არ იმსახურებს.

„ის არც უნგრეთში, არც უნგრეთს ფარგლებს გარეთ, არც მე და არც უნგრელ ხალხს არ უნდა წარმოადგენდეს“, - ოლგა კოლმანი.

პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთის კონსტიტუციაში შესწორების შეტანის წინადადება წარადგინა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს ბავშვების მიმართ დანაშაულში მსჯავრდებულების შეწყალების უფლება ჩამოერთმევა.

„პედოფილებისთვის არანაირი შეწყალება არ უნდა არსებობდეს. ეს ჩემი პირადი რწმენაა“, - ვიქტორ ორბანი.

სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, პარასკევს პრეზიდენტის სასახლის წინ აქცია გაიმართება.

კატალინ ნოვაკმა პრეზიდენტის თანამდებობა 2022 წლის მაისში დაიკავა. 2020-2021 წლებში ის საოჯახო საქმეთა მინისტრის პოსტზე იმყოფებოდა.

 

 

მსგავსი სიახლეები