უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი: დასავლეთთან ალიანსს აღვადგენთ

 

უნგრეთის ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი პეტერ-მარკი ზაი აცხადებს, რომ ევროკავშირთან და აშშ-სთან ვიქტორ ორბანის მიერ „გაწყვეტილი კავშირების“ აღდგენა სურს.

„მინდა ამერიკელებს განვუცხადო, რომ პუტინის ფან-კლუბის წევრობა კონსერვატორობას არ ნიშნავს“, - ასე შეაფასა მემარჯვენე-კონსერვატორმა მარკი-ზაიმ უნგრეთის პრემიერის პრო-რუსული განწყობები.

„მე დასავლურ ღირებულებს ვიზიარებ, ჩვენ კორუმპირებულ კრიმინალს [გულისხმობს ორბანს] ვერ ავიტანთ, რომელიც კომუნისტური ჩინეთის და რუსეთის მსახურად იქცა“, - ამბობს მარკი-ზაი.

"ამ პოლიტიკით ორბანი ევროპას, ნატოს და აშშ-ს „ღალატობს“, - თქვა 49 წლის პოლიტიკოსმა.

მარკი-ზაი პატარა უნგრული ქალაქის, ჰოდმეზევაშარჰეის მერია. გასულ თვეში ის ექვსი პარტიისგან შემდგარმა კოალიციამ 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

მარკი-ზაის უნგრეთის მოქმედ ლიდერ ვიქტორ ორბანთან და მმართველ პარტია ფიდეშთან მოუწევს დაპირისპირება.


ცოტა ხნის წინ ბუდაპეშტში კონსერვატიული ამერიკული ტელეარხის, „ფოქს ნიუსის“ წამყვანი, ტაკერ კარლსონი იმყოფებოდა, რომელიც ორბანს შეხვდა და მას „ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა და ევროკავშირის ლიბერალური ღირებულებების უკუგდება“ მოუწონა.

 

 

მსგავსი სიახლეები