უნგრეთის ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი კონსერვატორი პეტერ მარკი-ზაი იქნება
2022 წლის არჩევნებში, პრემიერობის კანდიდატის გამოსავლენად ჩატარებულ უნგრეთის ოპოზიციის პრაიმერიზში, მემარჯვენე-კონსერვატორმა პოლიტიკოსმა, პეტერ მარკი-ზაიმ გაიმარჯვა.
49 წლის მარკი-ზაიმ, რომელიც სამხრეთუნგრული ქალაქის მერია, კენჭისყრაში მემარცხენე-ლიბერალური კოალიციის კანდიდატი, ევროპარლამენტარი კლარა დობრევი დაამარცხა. კენჭისყრაში მონაწილეობა 600 ათასზე მეტმა უნგრელმა მიიღო.
„ჩვენ ახალი უნგრეთის აშენება გვსურს“, - განაცხადა ოპოზიციის რჩეულმა პოლიტიკოსმა.
პრაიმერიზში სულ ექვსი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა, რომლებიც კოალიციად გაერთიანების გზით, უნგრეთის მაჟორიტარულ ოლქებში, მმართველი პარტია „ფიდეშის“ დომინირების დასრულებას ცდილობენ.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მარკი-ზაის საარჩევნოდ მოქმედი პრემიერის, რადიკალური კონსერვატიული განწყობებით ცნობილი ვიქტორ ორბანის ამომრჩევლის გადაბირება შეუძლია.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდება.