უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვს შეხვდა: ისაუბრეს უკრაინაზე
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრა მდგრადი განვითარების შესახებ მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმისას შედგა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიიარტომ და ლავროვმა განიხილეს "შეთანხმებების განხორციელების პროგრესი," რომელიც ვლადიმერ პუტინმა და ვიქტორ ორბანმა 5 ივლისს, მოსკოვში მიაღწიეს. შეხვედრაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვთან უკრაინაზეც ისაუბრა.
"შედგა აზრთა გაცვლა მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე, კერძოდ, უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე, ხაზგასმით აღინიშნა კიევის მიერ ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების უფლებების უხეში დარღვევა," - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ "მიუხედავად უკიდურესად რთული საერთაშორისო სიტუაციისა," უნგრეთსა და რუსეთს შორის ურთიერთქმედება კვლავ "პროგრესულად ვითარდება."
სიიარტომ და ლავროვმა დაადასტურეს "ერთობლივი მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელების მნიშვნელობა, მათ შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა."