უოლესი: ზამთარში უკრაინის დახმარებას გავზრდით
დიდი ბრიტანეთი ზამთარში უკრაინის დახმარებას გაზრდის.
ამის შესახებ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, საინფორმაციო სააგენტო Reuters-სთან საუბარში განაცხადა.
უოლესმა ეს განცხადება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად, კენტის საგრაფოში მდებარე ლიდის სამხედრო ბაზაზე სტუმრობის შემდეგ გააკეთა. სწორედ ამ ბაზაზე მიმდინარეობს უკრაინელი სამხედროების მასშტაბური წვრთნები.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ჯამურად 12 ათასი ჯარისკაცის ზამთრის აღჭურვილობას და ათასამდე საზენიტო რაკეტას გადასცემს.
კონტექსტი
დიდი ბრიტანეთი, აშშ-თან ერთად, იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც უკრაინას საკვანძო შეიარაღებას, ყველაზე დიდი რაოდენობით აწვდიან.
ხაზგასასმელია ისიც, რომ სწორედ ბრიტანეთი აორგანიზებს უკრაინელი სამხედროების მასშტაბურ წვრთნებს, რომელიც ბოლო მონაცემებით, უკვე 5 ათასზე მეტმა მებრძოლმა გაიარა.