უპილოტოები, ‘ჯარისკაცის ულუფა’, საზენიტო სისტემა - რას ითხოვს რუსეთი ჩინეთისგან?

დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, უკრაინაში ომის საწარმოებლად რუსეთი ჩინეთს შეიარაღების და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ითხოვს.

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, მოსკოვს პეკინისგან საზენიტო სისტემების, უპილოტო საფრენი აპარატების, სადაზვერვო აღჭურვილობის და ჯავშნოსანი ტექნიკის შეძენა სურს.

CNN-ის წყაროების თანახმად, რუსულ არმიას საკვებით მომარაგების პრობლემა აქვს და ჩინეთისგან ე. წ. „მშრალი პაკეტების“ შეძენას აპირებს.

აღნიშნულ ცნობებს მოსკოვში და პეკინში უარყოფენ.

14 მარტს რომში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი იან ძიჩის შეხვდა, რომელიც ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროში საგარეო პოლიტიკას კურირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაძაბული მოლაპარაკებების განმავლობაში ამერიკულმა მხარემ ჩინეთს რუსეთის მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

გასული თვის დასაწყისში, პეკინის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, რუსეთის და ჩინეთის ლიდერებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

ჩინეთი უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფას გმობს, თუმცა აცხადებს, რომ რუსეთის მოთხოვნები აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების წესრიგის გადასინჯვის შესახებ „ლეგიტიმურია“.

 

მსგავსი სიახლეები