ვაგნერელებმა თავდაცვის სამინისტროს 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს
.jpg)
როსტოვისა და ვორონეჟის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ვაგნერის ბოევიკებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. სოციალურ ქსელებში ამის ამსახველი ვიდეოები ვრცელდება.
ვერტმფრენების ჩამოგდებას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ტელეგრამ არხებიც. საუბარია Ми-8 МТПР და и Ми-35-ის ტიპის ვერტმფრენებზე, რომლებიც აღჭურვილები არიან რადიო-ელექტრონული ბრძოლის შეიარაღებით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული წყაროების ცნობით, რამდენიმე ეკიპაჟმა უარი თქვა ვაგნერის კოლონის დაბომბვაზე.
როსტოვში სამხედრო შტაბის შენობაში ევგენი პრიგოჟინი ГРУ-ს უფროსის მოადგილეს ეუბნება - "ჩამოვაგდებთ ყველა ვერტმფრენს, იმიტომ, რომ თქვენ მშვიდობიან მოქალაქეებს ებრძვით. თქვენ სინდისი არ გაგაჩნიათ."
------
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნისს მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დასდო ბრალი.
აღნიშნულის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები დონის მიმართულებით დაძრა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს.
24 ივნისს განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე.
არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.