ვალერი ზალუჟნი ბრიტანეთში უკრაინის ელჩად ინიშნება
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში უკრაინის ელჩის პოსტზე ვალერი ზალუჟნის კანდიდატურას დათანხმდა, შესაბამისი მოთხოვნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანულ მხარეს უკვე გაუგზავნა.
"2024 წლის 7 მარტს, ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი მოთხოვნა ბრიტანულ მხარეს უკვე გაუგზავნა." - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში თქვა, რომ ზალუჟნიმ მას კონკრეტულად დიპლომატიური მიმართულების შესახებ უთხრა.
"დღეს დავთანხმდი დიდ ბრიტანეთში ჩვენი სახელმწიფოს ელჩის კანდიდატურას. გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ზუსტად ეს მიმართულება მითხრა თავისთვის - დიპლომატიური. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაგზავნა შესაბამისი მოთხოვნა. ჩვენი ალიანსი ბრიტანეთთან მხოლოდ უნდა გაძლიერდეს." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
Європейська правда წერდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებითად არის განწყობილი ზალუჟნის ბრიტანეთში ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით, მაგრამ მხარს უჭერს, რომ რამდენიმე თვე გავიდეს, რათა მან მისი ინგლისური გააუმჯობესოს.
"ის (ზალუჟნი – რედ.) შეიძლება ძალიან წარმატებული იყოს ბრიტანეთში, რადგან ყველა კლუბის წევრი იქნება და ბრიტანეთში პოლიტიკა ასე იწარმოება," – განაცხადა გამოცემის თანამოსაუბრემ.
ბრიტანეთში უკრაინის წინა ელჩი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ვადიმ პრისტაიკო იყო.