ვანო ჩხიკვაძე: დღეის მოცემულობით, ევროკავშირის პოტენციურ კანდიდატობაზეა საუბარი

2022 წლის მარტის დასაწყისში "ასოცირებულმა ტრიომ" - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე შეიტანა განაცხადი.

სავარაუდოდ ივნისის პირველ ნახევარში ევროკომისია ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსაზრებას წარადგენს.

ამ საკითხებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ რეალპოლიტიკა ესაუბრა ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს.

მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობით საქართველოსთვის ყველაზე რეალისტური ვარიანტი პოტენციური კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც შემდეგს ნიშნავს:

"ევროკავშირმა შეიძლება წამოუყენოს საქართველოს გარკვეული პირობები, მისცეს გარკვეული პერიოდი, დავუშვათ, 2024 წლის არჩევნებამდე და თქვას, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების რეფორმა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები კორუფციის, ადამიანის უფლებების დაცვის, დისკრიმინაციის თვალსაზრისით და თუ ყველაფერს შეასრულებს, ამის შემდეგ, ვიქნებით მზად რომ მივცეთ კანდიდატის სტატუსი".

როგორც ვანო ჩხიკვაძე ამბობს, ევროკავშირში ბევრი იზიარებს კვლევითი ორგანიზაცია CEPS-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ადრეა, რასაც ორი ძირითადი მიზეზი აქვს:

"ზოგი ამას აბამს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და ამბობს, რომ არ იქნება მართალი მათთან მიმართებით ამ გადაწყვეტილების მიღება.

ზოგი ამბობს, რომ იმ მოვლენების ფონზე, რაც მიმდინარეობდა საქართველოში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში - ეს არის იგივე 5 ივლისი, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სახელმწიფო ინსპექტორის საკითხი, კორუფცია - ამის ფონზე არ იქნება სწორი, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი."

ვანო ჩხიკვაძის თანახმად, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას პოლიტიკური და პრაგმატული მნიშნვნელობა აქვს:

"კანდიდატის სტატუსის მონიჭება არის პირველ რიგში პოლიტიკური სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი ხედავს ამ ქვეყნებს თავის წევრებად. აქამდე ეს ხედვა არ არსებობდა არც ბრიუსელში და არც ზოგიერთ დედაქალაქში.

თუკი ავიღებთ პრაგმატულად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანას აძლევს წვდომას სტრუქტურულ ფონდებზე."

ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებზე წვდომა იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისთვის, საქართველო ბრიუსელიდან ასეულობით მილიონ ევროს მიიღებს.

რეალპოლიტიკა ვანო ჩხიკვაძესთან სრულ ინტერვიუს დღეს საღამოს შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები