CEPS: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობა ადრეა, პრობლემის სათავე ივანიშვილია

ბრიუსელის წამყვანი კვლევითი ორგანიზაცია CEPS საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით კრიტიკულ მოსაზრებას აქვეყნებს. გთავაზობთ ორგანიზაციის მკვლევარების, მაიკლ ემერსონისა და სტივენ ბლოკმანსის ბლოგის თარგმანს:

"რუსეთში უკრაინის შეჭრიდან ერთ კვირაზე ცოტა მეტი იყო გასული, როცა 3 მარტს საქართველომ, უკრაინის შემდეგ და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში შესვლაზე შეიტანა განაცხადი. ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას სამივე შემთხვევაში მოსაზრების წარდგენა სთხოვა, რასაც ივნისის დასაწყისში უნდა ველოდოთ.

CEPS-მა გადაწყვიტა, ამ განაცხადებზე საკუთარი მოსაზრება წარედგინა, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში უკვე გამოვაქვეყნეთ კიდეც. იქ გვეწერა, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი ორივეზე უნდა განავრცოს.

თუმცა საქართველო პარადოქსია. ერთი მხრივ, ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაცია შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ამ თვალსაზრისით, საქართველომ არამხოლოდ უკრაინა და მოლდოვა, არამედ დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნებიც უკან მოიტოვა. საქართველომ დიდწილად კორუფციაც აღმოფხვრა და ამ მხრივ, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზეც უკეთესი მდგომარეობა აქვს.

მეორე მხრივ, საქართველოს პოლიტიკური რეჟიმი წლებია, ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. პრობლემების სათავეში ქმედითი ძალაუფლების კონცენტრაციაა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც არც არჩეულია და არც ანგარიშვალდებული, რაც სახელმწიფოს მიტაცების განსხეულებაა.

ჯერ კიდევ 2018 წელს ბ-ნი ივანიშვილი პასუხისმგებელი იყო ხმების ყიდვის ყველაზე აშკარა შემთხვევაზე საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში, როცა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საბანკო ვალები გადაუხადა. 2020 წლის ერთობ სადავო არჩევნებს ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება და დაპატიმრება მოჰყვა, რამაც ოპოზიციური პარტიების მიერ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტი გამოიწვია.

ეს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი მაშინ შერბილდა, როცა თბილისში ჩასულმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, 2021 წლის მაისში პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მედიატორის როლი ითავა. თუმცა შემდეგ ევროკავშირი გაოცებული და შეძრწუნებული დარჩა, როცა მთავრობა 2021 წლის ივლისში შეთანხმების საკვანძო პუნქტიდან გავიდა.

პოლიტიკური რეჟიმის მორიგი შემაწუხებელი მახასიათებელი სასამართლოს მაღალი ინსტანციის ისეთ გადაწყვეტილებებში ჩარევაა, რომლებიც პოლიტიკოსებსა და მედიის წამყვან ფიგურებს ეხება.  იყო „პოლიტიკური მართლმსაჯულების“ რამდენიმე პერიოდული შემთხვევა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ფართოდ გააკრიტიკა.

უკანასკნელ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 16 მაისს, როცა სასამართლომ 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ნიკა გვარამიას, მთავარი არხის დირექტორის, იმ არხისა, რომელიც ხშირად მთავრობის მიმართ კრიტიკულია. განაჩენი კი საქართველოს მიერ ევროკავშირში განაცხადის შეტანიდან მხოლოდ და მხოლოდ სამ კვირაში გამოიტანეს, და დაახლოებით სამი კვირით ადრე იქამდე, ვიდრე ევროკომისია განაცხადთან დაკავშირებით მოსაზრებას წარადგენდა.

წარმოგვედგინა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის ისტორიულ გადაწყვეტილებას უნდა მოჰყოლოდა სიგნალები, რომ საქართველო მტკიცედ განეზრახა პოლიტიკური და სასამართლო სისტემის მაღალი ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეფორმირება. ნაცვლად ამისა, საქართველოში ერთადერთი თვალშისაცემი ამბავი გვარამიას საქმეა, რომელიც აღიქმება პროვოკაციულ აქტად და იმას მოასწავებს, რომ მთავრობა აშკარად ისწრაფვის, ევროკავშირის შფოთისთავი წევრი გახდეს.

ძნელად წარმოსადგენია, ამ ეტაპზე ამაზე უფრო დამაზიანებელი ნაბიჯი რა უნდა ყოფილიყო.

გარე დამკვირვებლებისთვის გაუგებარია, რას ისახავდა მიზნად მთავრობა და ბ-ნი ივანიშვილი. გონივრული ახსნის ძიებას თუ ვეცდებით, წევრობაზე განაცხადი შეიძლება აღქმული ყოფილიყო როგორც სიმბოლური და მოჩვენებითი ტაქტიკა, რომელიც ეცდებოდა, ესიამოვნებინა ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა, რომელსაც ევროპული მომავალი სურს. ამავდროულად, როგორც ჩანს, ხელისუფლებას სულ არ აინტერესებს ევროკავშირში მიღების პროცესში პროგრესს მიაღწიოს და ისე ქცევას აგრძელებს, რაც კრახის განმაპირობებელი იქნება.

ამ გარემოებებში ევროკომისიას შეუძლია, საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილის, წევრობის პერსპექტივა ცნოს. მაგრამ გამოსაქვეყნებელ მოსაზრებაში საქართველოსთვის მიღების ფორმალური პროცედურის გახსნის შეთავაზება ნაადრევი იქნებოდა. სჯობს მოცდა საქართველოში ახალი, უფრო ხელშემწყობი პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებამდე, რომელიც უნდა ხასიათდებოდეს ჭეშმარიტი დემოკრატიული პოლიტიკური კულტურით და დამოუკიდებელი სასამართლოთი, რომელიც მოსახლეობის პატივისცემით ისარგებლებს."

 

მსგავსი სიახლეები