ვარჰეი: ოქტომბერში ევროკავშირის გაფართოების არსებით წინადადებებს წარვადგენთ
გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის გაფართოების წინადადებების მომზადებაზე ისაუბრა, რომლის წარდგენაც ოქტომბერში იგეგმება.
ამის შესახებ ევროკომისარმა Euractiv-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ოქტომბერში ევროკომისია წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ყველა ქვეყნის პროგრესის შესახებ და ორგანიზაციის აღმასრულებელ ხელისუფლებას "არსებითი წინადადებები" ექნება.
"ჩვენ მზად ვართ შევიმუშაოთ თამამი წინადადებები და ახალი იდეები." - განაცხადა ვარჰეიმ.
ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ გაფართოების გეგმა, რომელიც მომავალ თვეში იქნება წარმოდგენილი, დააჩქარებს კანდიდატების ევროკავშირში ინტეგრაციას.
"ის მოიცავს ყველაფერს კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ეკონომიკური რეფორმებისა და ინტეგრაციის სფეროში რეფორმებიდან, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებამდე, ისევე როგორც მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას, რათა გადალახოს განვითარების უფსკრული, სანამ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდებიან," - აღნიშნა ვარჰეიმ.
ეს ნაბიჯი მოიცავს კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაზრდას და ბლოკის პოლიტიკის გარკვეულ სფეროებზე ადრეული წვდომის უზრუნველყოფას.
"ამ ქვეყნების ინტეგრაცია ბევრად უფრო მარტივი იქნება, თუ ისინი ბევრად უფრო განვითარებული იქნებიან, ვიდრე ახლა და ვიდრე გაფართოების წინა შემთხვევებში." - თქვა მან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სიტყვების კომენტირებისას, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად, ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ ასეთი გეგმის განსახორციელებლად "ძალისხმევა უნდა გაორმაგდეს."