ვისთვის არის სასარგებლო კახოვკის კაშლის აფეთქება

6 ივნისის ღამით ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე კახოვკას ჰიდრო ელექტრო სადგურის კაშხალი ჩამოიშალა. წყლის დონემ მდინარე დნეპრში რამდენიმე მეტრით იმატა. 

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დნიპროს მარჯვენა, არაოკუპირებულ ნაწილზე დაიტბორა 70-მდე სახლი და 3 ხიდი. უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, წყლის დონე პიკს 7 ივნისის დილით მიაღწევს, რის შემდეგადაც ეტაპობრივად კლებას დაიწყებს. 

ამავე სამსახურების ცნობით, გაცილებით უფრო დიდი ტერიტორია მოექცევა წყლის ქვეშ მდინარის ოკუპირებულ მარცხენა ნაპირზე, რომელიც უფრო დაბალია.

მიუხედავად იმისა, რომ კაშხალი სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. შოიგუს უწყებას ტრადიციულად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. 

სამხედრო ექსპერტების აზრით, უკრაინისთვის ძალიან რთული იქნებოდა მსგავსი კაშხლის შორი მანძილიდან ისე დაზიანება, რომ ნაგებობა ჩამოშლილიყო. ამის მაგალითად სამხედრო ექსპერტები ანტონოვის ხიდს ასახელებენ, რომელსაც უკრაინული არმია თვეების განმავლობაში HIMARS-ის რაკეტებით უტევდა. უკრაინულმა არმიის დარტყმების შედეგად ხიდი მწყობრიდან გამოვიდა, თუმცა ნაგებობა არ ჩამოშლილა. 

ტელეარხ NBC-ის ინფორმაციით, ამერიკულ მხარეს აქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ კაშხალი სწორედ საოკუპაციო ძალებმა ააფეთქეს. არხის წყაროს ცნობით, ამ დროისთვის ბაიდენის ადმინისტრაცია სადაზვერვო ინფორმაციის გასაჯაროების საკითხზე მსჯელობს. 

კახოვკის კაშხლის განადგურება ბევრი სამხედრო ექსპერტის აზრით, ხელს სწორედ რუსეთს აძლევს, რადგანაც მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც ამცირებს ЗСУ-ს მიერ დნიპროს ფორსირების შანსს. ამან კი შესაძლოა გამოათავისუფლოს აქ განთავსებული შენაერთები. 

ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე მიიჩნეოდა, რომ უკრაინა ისედაც არ აპირებდა მდინარე დნიპროს ფორსირებას მოკლევადიან პერსპექტივაში. თუმცა კაშხლის ჩამოშლის შემდეგ, მსგავსი რამ გარკვეული პერიოდით თეორიულადაც გამორიცხულია. რუსეთმა შესაძლოა აქ დასაქმებული დანაყოფები ზაპორიჟიისა, დონეცკისა და ლუჰანსკის ფრონტებზე გადაისროლოს. 

ЗСУ დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა ამ საფრთხეს, რითიც ადგილზე ოკუპანტების მსხვილ დანაყოფს აკავებდა. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში მას შემდეგ რაც წყლის დონე ნორმას დაუბრუნდება, ხოლო ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსეთის თავდაცვის პირველადი ხაზები განადგურებულია უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა კვლავ შექმნან ეს საფრთხე. 

OSINT ანალიტიკოსი სიმონ შლეგელის თქმით, შექმნილ ვითარებაში მოკლევადიან პერსპექტივაში მოგებული რუსეთია. ამავდროულად შლეგელის თქმით, თუ ЗСУ-ს კონტრიერიში დროში გადაიწევს, ეს უმნიშვნელო ცვლილება იქნება.

შედარებით განსხვავებულ აზრს გამოთქვამს Conflict Intelligence Team-ის დამფძუნებელი, რუსლან ლევიევი. მისი თქმით, დნიპროს მარცხენა მხარეზე მდებარე რუსეთის პოზიციები, საწყობები, სანგრები და თხრილები წყლის ქვეშ აღმოჩნდა, რაც დიდი ზიანია. ლევიევის თქმით, კაშხლის დანგრევა არანაირ გავლენას არ იქონიებს უკრაინის კონტრიერიშზე. 

 

მსგავსი სიახლეები