ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა გადადებულ მიმართვაში ისაუბა. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განკარგულებაში ნათქვამია, რომ მობილიზაციას დაექვემდებარებიან თადარიგის ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში ცოტა ხნის წინ მსახურობდნენ.
ამასთანავე ნათქვამია, რომ უკრაინაში გამგზავრებამდე მობილიზებულები აუცილებელი წესით გაივლიან მოსამზადებელ საბრძოლო კურსს.
კონტექსტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სექტემბრის დასაწყისში წამოწყებული წარმატებული კონტრიერიშის შემდეგ, რუსეთის მმართველი პარტიის ლიდერები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის თარიღის გადატანის შესაძლებლობაზე საუბრობდნენ.
უკრაინის არმიის მხრიდან გაძლიერებული წნეხისა და ფრონტზე გაუარესებული მდგომარეობის ფონზე რუსი პროპაგანდისტები და ურაპატრიოტები ვლადიმირ პუტინს სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებიკენ მოუწოდებდნენ.
20 სექტემბერს ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმების დაჩქარების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს.
მალევე ლუჰანსკელი და დონეცკელი სეპარატისტების ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სეტქემბრის პერიოდში ჩატარდება.
მალევე დონბასის ე.წ. რესპუბლიკებს შეურთდნენ რუსი კოლაბორანტები ოკუპირებულ ზაპორიიჟისა და ხერსონის ოლქებში. რეფერენდუმი აქაც იმავე თარიღებში ჩაინიშნა.
მალევე დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ უკვე მიმართა ვლადიმირ პუტინს რეფერენდუმზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს რუსეთთან მიერთების მიმართვა.
გუშინვე რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც სამხედრო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის ცნებას ამკვიდრებს.
უკვე საღამოს ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადოს.