ვუჩიჩი: ვაგნერმა სერბეთში მებრძოლების რეკრუტირება უნდა შეწყვიტოს

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი ვაგნერი ცდილობს სერბები უკრაინაში მიმდინარე ომში მოხალისეებად გადაიბიროს, რაც მიუღებელია. 

ალექსანდრ ვუჩიჩის სიტყვებს Reuters ავრცელებს. 

"რატომ ცდილობს ვაგნერი ვიღაცეების გადაბირებას სერბეთიდან მაშინ, როდესაც იციან, რომ ეს ჩვენი წესების წინააღმდეგაა",- ამბობს ვუჩიჩი. 

ამგვარად, სერბეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში, სერბულ ენებზე ვაგნერის მიერ სერბულ ენაზე გამოქვეყნებულ სარეკლამო პროკლამაციების გავრცელებას გამოეხმაურა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს ვაგნერში გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა. 

ვუჩიჩის თქმით, ვაგნერის რიგებში სერბეთის მოქალაქეები ამ დროისთვის არ იბრძვიან. მისი თქმით, სერბეთის სპეცსამსახურები აქტიურად ადევნებენ თვალს მოვლენებს და მზად არიან ეფექტურად იმოქმედონ.

თავის მხრივ საკითხს გამოეხმაურა სერბეთის თავდაცვის მინისტრიც, რომელმაც მოქალაქეები ვაგნერში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე გააფრთხილა. 

კონტექსტი

პირველი სერბი მოხალისეების ფრონტზე ჩასვლის შესახებ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია პროპაგანდისტულმა РИА новости-მ. 

სერბეთში ვაგნერის გააქტიურების შესახებ გასულ კვირას წერდა გამოცემა Politico-ც. გამოცემის ცნობით, სერბეთში მყოფი ვაგნერელების მთავარი ფუნქცია საზოგადოებაში არსებული ანტი-პუტინისტურ განწყობებთან ბრძოლაა. მათმა რიცხვმა განსაკუთრებით ბოლო თვეებში, კოსოვასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე მოიმატა. 

გასულ დეკემბერს ბელგრადში რუსულ-სერბული მეგობრობის ცენტრის გახსნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდებოდა ევგენი პრიგოჟინის მიერ კონტროლირებად მედიებში.

სერბეთი პრაქტიკულად ერთადერთი ევროპული სახელმწიფოა, რომელიც ამ დრომდე არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესბულ სანქციებს. ხოლო ალექსანდრ ვუჩიჩი ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელმაც ვლადიმირ პუტინს ახალი წელი მიულოცა. 

მსგავსი სიახლეები