WP: აშშ სთხოვს რუსეთს, არ გაასაჯაროოს წერილობითი პასუხი მოთხოვნებზე

 

გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ნატოს არ გაფართოებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს აშშ წერილობით პასუხს მომავალ კვირაში გასცემს. 

გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა რუს კოლეგებს სთხოვეს, რომ წერილობითი პასუხი არ გაასაჯაროონ. მიუხედავად ამისა, უწყების მაღალი რანგის თანამშრომლები უშვებენ, რომ წერილის მიღების შემდეგ, რუსეთმა შესაძლოა აშშ-ის პასუხი მაინც გაასაჯაროოს. 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის პასუხში მოცემული იქნება შემხვედრი წინადადება და დიალოგის გაგრძელების შეთავაზება. ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები გამორიცხავენ, რომ ამერიკული პოზიცია შეიძლება შეიცვალოს. 

სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის მიერ წაყენებულ პირობებს არარეალურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ არასდროს დათანხმდებიან ნატოს ღია კარის პოლიტიკის შეცვლას. 

ამავდროულად, აშშ-ის საგარეო უწყებაში იმედი აქვთ, რომ ამერიკის წერილობით პასუხს პირადად ვლადიმირ პუტინი წაიკითხავს. "რუსეთში არის ერთი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ეს პრეზიდენტი პუტინია, სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას გაგრძელდეს თუ არა მოლაპარაკებები", - ამბობს გამოცემასთან საუბარში ბაიდენის ადმინისტრაციის თანამშრომელი. 

აშშ-სა და ნატოს მიმართ რუსეთმა მოთხოვნები გასული წლის დეკემბერში წამოაყენა. კრემლი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას, რუსეთის საზღვრების მახლობლად სამხედრო აქტიურობის მინიმუმამდე დაყვანას და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დეზავუირებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. 

ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთს არც მეტი არც ნაკლები უსაფრთხოების წერილობითი, სამართლებრივი და იურიდიული გარანტიები ჭირდება. 

მსგავსი სიახლეები