WSJ: ჩინეთი მალე თავის რიგით მესამე და ყველაზე დიდ ავიამზიდს წარადგენს

ჩინეთი მალე თავის ყველაზე დიდ ავიამზიდს წარადგენს, ეს არის პირველი ავიამზიდი, რომელიც სრულად ჩინური წარმოებისაა. 

ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal სატელიტურ ფოტოზე დაყრდნობით იუწყება

გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში შანხაის პორტში, ძიანგნანის სადგომზე მდგომი ავიამზიდი ჩანს. ახალი ჩინური ავიამზიდის არაოფიციალური დასახელება Type 003-ია, გემი სახალხო რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მესამე და ჯერჯერობით ყველაზე დიდი და ტექნოლოგიურად დახვეწილი ავიამზიდია. 

სამხედრო ექსპერტების აზრით, ახალი ავიამზიდი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩინეთის სამხედრო-ოპერატიულ შესაძლებლობებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის აუზში. მათივე აზრით, ავიამზიდის მშენებლობა ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პროგრესზე მიუთითებს. 

"არსებობს ლოგიკური ვარაუდი, რომ ჩინეთი დამატებით კიდევ სამი ავიამზიდის მშენებლობას აპირებს",- ამბობს მარკო ფუნაიოლე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის [CSIS] ექსპერტი. 

სხვადასხვა ცნობებით ჩინეთის მთავრობამ ახალი გემი შესაძლოა უახლოს მომავალში მდინარე იანგძიზე ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულზე ჩაუშვას. 

წარდგენის მიუხედავად სამხედრო ექსპერტების აზრით, ახალი ავიამზიდი კიდევ რამდენიმე წელი ვერ იქნება ოპერირებად მდგომარეობაში. 

ახალი ავიამზიდი სრულად ჩინური წარმოებისაა - ჩინეთის პირველი ავიამზიდი საბჭოთა გემი იყო, მეორე ავიამზიდი იმავე მოდელზე იყო აგებული. 

გემის მშენებლობა უფრო ადრე უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესს ჩინეთის უდიდეს საპორტო ქალაქში, შანხაიში დაწესებულმა უმკაცრესმა ლოქდაუნმა შეუშალა ხელი, რომელიც თითქმის ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. 

ავიამზიდების რაოდენობის კუთხით აშშ მსოფლიოს უპირობო ლიდერია - პენტაგონის განკარგულებაში სულ 11 ავიამზიდია, მაშინ, როდესაც ჩინეთს ასეთი სულ 2 ჰყავს, ხოლო რუსეთს კი 1. 

მიუხედავად ამისა, ჩინეთის მაინც ნომინალურად ყველაზე მსხვილ და მოცულობით სამხედრო ფლოტად მიიჩნევა, რომლის შემადგენლობაშიც 355 ერთეულზე მეტი გემი, წყალქვეშა ნავი, ფრეგატი და სხვა ტიპის საზღვაო დანადგარია. 

მსგავსი სიახლეები