WSJ-მა გააანალიზა, რატომ მიმდინარეობს უკრაინის კონტრშეტევა "ასე ნელა"

Wall Street Journal აცხადებს, რომ რუსი სამხედროები თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ თავდაცვისთვის, მათ შორის ბუნკერებით, ამიტომ უკრაინის კონტრშეტევა ნელია. 

ჟურნალისტები ცდილობენ უპასუხონ კითხვას, რომელიც ყოველდღიურად ჟღერდება როგორც უკრაინაში, ასევე დასავლეთში - რატომ მიდის კონტრშეტევა ასე ნელა.

ავტორებმა გაიხსენეს, რომ გასულ წელს უკრაინამ, ოსტატური მანევრების წყალობით, მოახერხა რუსეთის არმიაზე უპირატესობის მოპოვება, მიუხედავად სამხედროების, იარაღისა და საკმარისი საჰაერო მხარდაჭერის სიმცირისა.

ოსტატურმა ხელმძღვანელობამ, რელიეფის კარგმა ცოდნამ და დრონებისა და ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურმა გამოყენებამ უკრაინელ სამხედროებს საშუალება მისცა მოეგერიებინათ ბევრად უფრო დიდი და უკეთ აღჭურვილ არმია, რომელიც ტლანქად გამოიყურებოდა და ბიუროკრატიაში იყო ჩაფლული.

გამოცემა წერს, რომ თითქოს "ამ ყველაფერს ბოლო მოეღო."

"ახლა უკრაინა მტრის მის ტერიტორიაზე გამაგრებული პოზიციებიდან განდევნას ცდილობს, რაც ერთ-ერთ ურთულეს სამხედრო ოპერაციად ითვლება. რუსი სამხედროები თვეების განმავლობაში აშენებდნენ თავდაცვით ნაგებობს, მათ შორის ბუნკერებს, ტანკსაწინააღმდეგო ხაფანგებს და დანაღმულ ველებს. რუსული ძალებისთვის, რომლებიც მეტი უკრაინული ტერიტორიის დაკავებას ცდილობდნენ ამ წლის დასაწყისში, შეტევა ჩაიშალა, მაგრამ თავდაცვა უფრო მარტივი იქნება." - წერს WSJ ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტის უსაფრთხოების სპეციალისტ მაიკლ ო'ჰენლონზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპორიჟიეს რეგიონში "კილომეტრებიანი ზიგზაგი, ურთიერთდაკავშირებული თხრილები ააგეს, რომელთაგან ზოგი ბეტონით არის გამაგრებული ან დაფარულია ტოტებითა და მიწით, რათა დრონებით მათი აღმოჩენა გართულდეს."

ასევე, მინდვრები დანაღმულია და სულ მცირე ორ შემთხვევაში, უკრაინელი სამხედროების თქმით, მათი მოკლული თანამებრძოლების ცხედრებიც დანაღმული იყო.

უკრაინელი სამხედროები გამოცემას განუმარტავენ: "ამ პოზიციების დასაკავებლად ტერიტორია ჯერ საარტილერიო ცეცხლით უნდა დაიფაროს, შემდეგ კი ჯავშანტექნიკის დახმარებით წინ ქვეითები წავიდნენ. თუმცა, ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის ნაკლებობა ამ სტრატეგიის განხორციელებას ართულებს."

"საოკუპაციო ძალებზე შეტევა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმიებისთვისაც კი რთული გამოცდა იქნებოდა. მოკავშირეებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიის სანაპიროზე გადმოვიდნენ, გერმანიის სიმაგრეების გასარღვევად ორ თვეზე მეტი დასჭირდათ. 

1991 წელს, სანამ კოალიციის სახმელეთო ჯარები ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალისას წინ მიიწევდნენ, შეერთებულმა შტატებმა ხუთკვირიანი საჰაერო კამპანია ჩაატარა ერაყის არმიის დასუსტების მიზნით." - ვკითხულობთ სტატიაში.

მსგავსი სიახლეები