კარაგანოვი: უკრაინასთან ისე ვერ გავიმარჯვებთ, როგორც ჰიტლერთან და ნაპოლეონთან

ვალდაის კლუბის დამფუძნებლისა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი პოლიტოლოგის თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთი ვერ მიაღწევს ისეთივე სრულ გამარჯვებას უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ეს ე.წ. სამამულო ომების შემთხვევაში მოხდა.
ვითარების არსი: ამის შესახებ კარაგანოვი Российская газета-ში გამოქვეყნებულ სვეტში წერს. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში შეუძლებელი იქნება ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და გაგრძელდება „ცოცვა“ მესამე მსოფლიო ომის მიმართულებით.
- საყურადღებოა, რომ 2023 წლის გაზაფხულზე კარაგანოვი კრემლს მოუწოდებდა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული დარტყმა განეხორციელებინა. მსგავსი შინაარსის კითხვები კარაგანოვმა ვლადიმირ პუტინს სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზეც დაუსვა.
- „მას შემდეგ, რაც რუსეთმა გადაწყვიტა არ გამოეყენებინა ყველაზე საშიში იარაღი, რათა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა მისი კეთილშობილი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი, როგორც ჩანს, ჩვენ ვერ მივაღწევთ ისეთ გამარჯვებას, როგორიც გვქონდა ნაპოლეონის არმიის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, არ იქნება მოწინააღმდეგის ისეთი სრული განადგურება, როგორსაც ჰიტლერის გერმანიის წინააღმდეგ მივაღწიეთ,“ — ნათქვამია სტატიაში.
ჩაშლილად: კარაგანოვის თქმით, ასეთი „არასრული“ გამარჯვება არ იძლევა გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შანსს. მისი განმარტებით, 1812 წელს საფრანგეთთან გამარჯვებამ ევროპაში 40-წლიანი მშვიდობა უზრუნველჰყო, ხოლო 1945 წელს გერმანიის კაპიტულაციამ, ბირთვული იარაღის გამოჩენასთან ერთად, საფუძველი დაუდო 70-წლიან მშვიდობას კონტინენტზე.
- „ისეთი ელიტების პირობებში, როგორებიც არაერთ ევროპულ ქვეყანაში, შეერთებული შტატებისა და უკრაინის ხელისუფლებაში არიან მოკალათებული, გრძელვადიანი, მყარი მშვიდობის მიღწევა, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება,“ — წერს კარაგანოვი.
- კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგის თქმით, ეს ნიშნავს, რომ გაგრძელდება „მცოცავი სვლა“ მესამე მსოფლიო ომისკენ. ასეთ პირობებში კი, კარაგანოვის აზრით, აუცილებელია შეტრიალება აღმოსავლეთისკენ.
- „რუსეთის 300-წლიანი ევროპული მოგზაურობა დასრულებულია. დროა დავუბრუნდეთ ფესვებს, დავუბრუნდეთ ჩვენი ისტორიის სათავეებს — ისინი კი ციმბირშია,“ — წერს კარაგანოვი.
სტრიქონებს შორის: კარაგანოვის თქმით, ახალი სტრატეგიის პირობითი სახელწოდება შესაძლოა შემდეგნაირად ჟღერდეს: „შეტრიალება აღმოსავლეთისკენ, ან რუსეთის ციმბირიზაცია.“
- მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე „ცოცხალი იდეა-ოცნება“ — ამ ფარგლებში შემუშავდება რუსეთის მოქალაქის ქცევის კოდექსი XXI საუკუნეში, რაც თავის მხრივ რუსეთის ახალ ყოვლისმომცველ იდეოლოგიურ პლატფორმაში უნდა გადაიზარდოს.
- ამ კონტექსტში კარაგანოვი ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ მეოცე საუკუნის 1930-იან წლებში წამოწყებულ „ახალი კურსის“ (New Deal) ეკონომიკურ პროგრამას იხსენებს.
- პოლიტოლოგის თქმით, რუსეთში არ არის ისეთი ეკონომიკური კრიზისი, როგორიც 30-იან წლების ამერიკაში, თუმცა მსგავსი პროგრამა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დასაქმებას, არამედ მოხსნის შესაძლო სოციალურ დაძაბულობასაც
კონტექსტი: კარაგანოვი საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საბჭოს (СВОП) ერთ-ერთი დამფუძნებელია. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ცენტრის საქმიანობა მჭიდრო კავშირშია და კოორდინირებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ქვეყნის ძალოვან უწყებებთან.
- თავის მხრივ, საბჭო ვალდაის სადისკუსიო კლუბის თანადამფუძნებელია, რომელიც რუსეთში საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე მთავარი ფორუმია. კლუბს თითქმის ყოველწლიურად სტუმრობს თავად ვლადიმირ პუტინი.