WSJ: პრიგოჟინი შოიგუს და გერასიმოვის დატყვევებას გეგმავდა

ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის დატყვევებას გეგმავდა, თუმცა მისი გეგმების შესახებ 2 დღით ადრე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გაიგო. 

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს

გამოცემასთან საუბარში ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ФСБ-სთვის ცნობილი გახდა პრიგოჟინის გეგმის შესახებ, ვაგნერის მეთაური იძულებული გახდა ამბოხი ჩაფიქრებულზე ადრე დაეწყო და იმპროვიზაციისთვის მიემართა. 

ამერიკული წყაროების ცნობით, პრიგოჟინის გეგმა თავდაპირველად სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დატყვევებას ეფუძნებოდა - შოიგუ და გერასიმოვი როსტოვში, რუსეთის სამხრეთ სამხედრო შტაბში უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ვიზიტი მას შემდეგ გადაიდო, რაც საქმეში ФСБ ჩაერია.

პრიგოჟინის გეგმები, რომ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ცნობილი იყო ამის შესახებ როსგვარდიის მეთაურმა ვიქტორ ზოლოტოვმაც განაცხადა - "პრიგოჟინის ბანაკისგან ჩვენ გვქონდა სპეციფიკური ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ამბოხი 22-25 ივნისის პერიოდში უნდა დაწყებულიყო."

Wall Street Journal-ის ცნობით, პრიგოჟინის გეგმების შესახებ რამდენიმე დღით ადრე გაიგეს აშშ-ს სადაზვერვო უწყებებმა. დასავლური წყაროების ცნობით, პრიგოჟინის თავდაპირველ ჩანაფიქრს წარმატების მაღალი შანსი ჰქონდა, თუმცა გეგმის კომპრომეტირების შემდეგ ვითარება პრიგოჟინის საპირისპიროდ შეიცვალა. 

აშშ-ს სადაზვერვო უწყების მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ პრიგოჟინის ჩანაფიქრი ეყრდნობოდა მოლოდინს, რომ ამბოხის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი რანგის მეთაურები მის მხარეს დაიჭერდნენ. 

საყურადღებოა პრიგოჟინის ელვისებური წინსვლა როსტოვში, სადაც მან გასროლის გარეშე მოახერხა საკვანძო სამხედრო შტაბის შენობის გასროლის გარეშე დაკავება. ამერიკული სადაზვერვო უწყებების ცნობით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ზოგი მაღალი რანგის სამხედრო მეთაური შესაძლოა ჩართული იყო პრიგოჟინის ამბოხში. 

დასავლურ სადაზვერვო უწყებებში მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინმა თავისი გეგმების შესახებ შესაძლოა სერგეი სუროვიკინს აცნობა. ერთ-ერთ ვერსიად განიხილავენ, რომ პრიგოჟინის გეგმების შესახებ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს სწორედ სუროვიკინმა აცნობა. 

New York Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურის მოადგილემ იცოდა პრიგოჟინის გეგმების შესახებ, თუმცა უცნობია მონაწილეობდა თუ არა ის შეთქმულებაში. 

გამოცემის ცნობით, პრიგოჟინის ჩავარდნილი ამბოხი რუსეთის უსაფრთხოების უწყებებში შესაძლოა მასშტაბური საკადრო წმენდის საფუძველი გახდეს. 

მსგავსი სიახლეები