WSJ: საუდის არაბეთმა აშშ-ს ირანის მხრიდან შესაძლო შეტევის შესახებ შეატყობინა
საუდის არაბეთმა აშშ-ს დაზვერვას ირანის მხრიდან მოსალოდნელი სამხედრო დარტყმის შესახებ გააფრთხილა, რის შემდეგაც რეგიონში განლაგებულმა ამერიკულმა სამხედრო ნაწილებმა საბრძოლო მზადყოფნის დონე გაზარდეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაზეთი Wall Street Journal ავრცელებს.
სამეფოს დაზვერვის ინფორმაციით, ირანმა შესაძლოა დარტყმა მიიტანოს როგორც ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ ერბილზე, ასევე უშუალოდ საუდის არაბეთის ტერიტორიაზეც.
სამეფოს დაზვერვის სამსახური ვარაუდობს, რომ ამგვარად ირანი ქვეყნის შიგნით უკვე თითქმის ბოლო 40 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისგან ყურადღების გადატანას შეეცდება.
თავის მხრივ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ამბობენ, რომ მათ იციან შესაძლო საფრთხის შესახებ და მზად არიან შეტევას ღირსეულად უპასუხონ.
"ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენ საუდიელ კოლეგებთან და არ მოვერიდებით ვიმოქმედოთ რეგიონში ჩვენი ინტერესებისა და პარტნიორების დასაცავად".
გასული სექტემბრიდან მოყოლებული ირანმა არაერთხელ მიიტანა შეტევა ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქალაქ ერბილზე. ერთ-ერთი ასეთი რაკეტა აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო, ამერიკული მხარის ინფორმაციით რაკეტა აშშ-ს სამხედრო ბაზის მიმართულებით იყო გაშვებული.
თავის მხრივ ირანი ერბილზე განხორციელებულ დარტყმებს იმით ხსნის, რომ ადგილზე "მოკალათებული" ქურთული სეპარატისტული დაჯგუფებები ირანში არეულობის პროვოცირებას ცდილობენ.
კონტექსტი
ოქტომბრის ბოლოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა, ჰოსეინ სალამიმ საუდის არაბეთისგან კატეგორიულად მოითხოვა აღეკვეთათ სამეფოს მიერ დაფინანსებული სპარსულენოვანი მედიების მუშაობა.
"ეს ჩვენი ბოლო გაფრთხილებაა, იმიტომ რომ თქვენ ამ მედიების მეშვეობით ერევით ჩვენს შიდა საქმეებში",- თქვა ჰოსეინიმ.
ირანში 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უკვე 40 დღეზე მეტია მიმდინარეობს.
საპროტესტო დემონსტრაციებზე დაიღუპა 200-ზე მეტი მოქალაქე, უკვე დაპატიმრებულია 1000-ზე მეტი. თავდაპირველად ქალთა გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები ისლამური რეჟიმის დამხობის მოთხოვნებმა ჩაანაცვლა.
ირანი საპროტესტო დემონსტრაციების პროვოცირებასა და დაფინანსებაში საუდის არაბეთს და აშშ-ს ადანაშაულებს. თავის მხრივ ეს ირანის რეჟიმის მიერ გამოცდილი მეთოდია.
2019 წლის ზაფხულში იემენში ირანული პროქსი ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საუდის არაბეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა.