WSJ: უკრაინაში ომის ფონზე, აშშ-ში ტაივანის შეიარაღების შეფერხებაზე საუბრობენ
აშშ-ს მთავრობასა და კონგრესში შიშობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ტაივანისთვის განკუთვნილი 19 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიწოდების ვალდებულება კიდევ უფრო გაიწელება.
ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის უკრაინისთვის შეიარაღების დიდი პარტიების გადაცემის საჭიროებამ კიდევ უფრო გააღრმავა ის ჩამორჩენა, რაც ამერიკულ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს ტაივანთან დადებულ კონტრაქტების შედეგად ჰქონდათ.
გასული წლის დეკემბერში ჩამორჩენა 14 მილიარდ დოლარს შეიარაღებას წარმოადგენდა, ამ დროისთვის კი უკვე 19 მილიარდ დოლარს უტოლდება. ამ ჩამორჩენაში შედის მათ შორის ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც 2015-2016 წლებში გაფორმდა.
მათ შორის ტაივანი ჯერ კიდევ ელოდება Javelin-ის ტიპის 208 ანტი-სატანკო რაკეტას და Stinger-ის ტიპის 215 ანტი-საჰაერო რაკეტას.
შეფერხების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარისგან თავს იკავებს როგორც თავდაცვის უწყება, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტიც, თუმცა ამის შესახებ საუბარია აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკური და უსაფრთხოების თანამშრომლობის კონგრესის კომისიის დასკვნაში.
დასკვნის მიხედვით, გრაფიკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება მძიმე შეიარაღების მიწოდებაც. ამავე დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ჩამორჩენა არ უკავშირდება უკრაინისთვის გადაცემულ შეიარაღებას და მათ შორის განპირობებულია პანდემიის დროს გამოვლენილი ლოჯისტიკური ჯაჭვების მოშლით.
გამოცემასთან საუბარში ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდების გრაფიკი მართლაც ჩამორჩება სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ამბობენ, რომ ტაივანთან დადებული კონტრაქტები ამ პროდუქციის წარმოებას ითვალისწინებს, მაშინ როდესაც უკრაინა შეიარაღებას უშუალოდ აშშ-ს სამხედრო არსენალიდან იღებს.
შეიარაღების მწარმოებელი ამერიკული კომპანიები - Lockheed Martin-სა Boeing-ში ამბობენ, რომ შეფერხება პანდემიის დროს ლოჯისტიკური ჯაჭვების მორღვევით არის განპირობებული, რასაც მოგვიანებით უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების შეკვეთები დაემატა.
კონტექსტი
ვაშინგტონში შიშობენ, რომ ვაშინგტონს ტაივანის დასახმარებლად ბევრი დრო არ რჩება და ჩინეთმა უკვე 2026 წელს შესაძლოა კუნძულის საზღვაო ბლოკადა სცადოს.
ამგვარი შიში უმთავრესად სწორედ იმით არის განპირობებული, რომ კოფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში უკრაინისგან განსხვავებით ტაივანისთვის შეიარაღების გადაცემა გაცილებით უფრო რთული იქნება.
2009 წლიდან მოყოლებული ტაივანმა აშშ-სგან დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება შეიძინა, აქედან 18 მილიარდი დოლარის მოცულობის კონტრაქტები 2017 წელს გაფორმდა.
ტაივანის შეიარაღების გრაფიკში ჩამორჩენის პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა როგორც თავდაცვის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში.
2019 წლიდან მოყოლებული ტაივანი იღებს რამდენიმე ტიპის შეიარაღებას, რომელიც უკრაინას რუსული სამხედრო აგრესიის მოგერიებაში დაეხმარა, მათ შორისაა Stinger-ის ტიპის რაკეტები, Javelin-ის ტიპის რაკეტები, HIMARS-ის ტიპის რეაქტიული ცეცხლის დანადგარები.