ყარაბაღში საწვავის ცისტერნის აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 125-მდე გაიზარდა

ყარაბაღში საწვავის ცისტერნის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 125-მდე გაიზარდა. 

ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინიტრმა განაცხადა. 

შემთხვევა 25 სექტემბერს, ასკერანი-სტეპანაკერტის დამაკავშირებელი მაგისტრალის მახლობლად საწვავის საწყობზე მოხდა. 

კონტექსტი

რეგიონიდან ეთნიკური სომხების მასშტაბური და იძულებითი გასვლის გამო, რეგიონში საწვავის დეფიციტია - არსებული ცნობებით სწორედ საწვავის რიგში იდგა ათეულობით მოქალაქე, რა დროსაც აფეთქება მოხდა. 

19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა. 

მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა. 

სამხედრო მოქმედებების დაწყების დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ ჩაერთვებოდა შეიარაღებულ კონფლიქტში. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა. 

უკვე 20 სექტემბერს ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ვრცელდება ფოტოები სტეპანაკერტის აეროპორტიდან და სხვა ადგილებიდან - ქალაქის მოსახლეობა რეგიონს ტოვებს. 

მსგავსი სიახლეები