ყირგიზეთი ადასტურებს, რომ ტაჯიკეთის საზღვარზე კონფლიქტში 24 ადამიანი დაიღუპა
ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე ხელახლა გაჩაღებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ყირგიზეთის 24 მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო AKIpress 17 სექტემბერს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
ყველა გარდაცვლილის ცხედარი ყირგიზეთის ბატკენის რეგიონის შესაბამის დაწესებულებებში გადაასვენეს.
17 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 01:30 საათისთვის დაშავებულთა რიცხვი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს, 87 ადამიანი იყო, მათ ჭრილობები ძირითადად ნამსხვრევებითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.
"Радио Озоди" აღნიშნავს, რომ ტაჯიკეთის დაღუპული და დაჭრილი მოქალაქეების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა მედიასაშუალებები საუბრობენ ერთი დაღუპული მესაზღვრის და ერთი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ.
14 სექტემბერს ტაჯიეკთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი სამ სხვადასხვა სასაზღვრო რაიონში - ბულაკ-ბაშის, კაკ-საის და პასკი-არიკის რაიონებში დაიწყო. კონფლიქტის დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა.
ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე 14 სექტემბერს ორი რესპუბლიკის მესაზღვრეებს შორის სროლა დაიწყო. საზღვრის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგ სროლა შეწყდა.
სასაზღვრო კრიზისთან დაკავშირებით, უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა მოლაპარაკებები გამართა ტაჯიკეთის პრეზიდენტთან ემომალი რაჰმონთან, ისინი ჯარების კონტაქტის ხაზიდან გაყვანაზე შეთანხმდნენ.