ტერაქტის შემდეგ, ტაჯიკი მიგრანტები რუსეთს მასობრივად ტოვებენ

Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის ფონზე, ტაჯიკეთის მოქალაქეებს რუსეთის დატოვება სურთ. ტაჯიკეთის შრომის მინისტრის მოადგილე შაჰნოზა ნოდირიმ სააგენტო ТАСС-ს 30 მარტს განუცხადა, რომ ზოგიერთი მათგანი შევიწროებაზე საუბრობს. 

მისი თქმით, სამინისტრო "უამრავ ზარს იღებს" და მათი უმეტესობა დაკავშირებულია რუსეთში ტაჯიკეთის მოქალაქეების "შიშთან" და წასვლის სურვილთან.

"ჩვენ ახლა ვაკვირდებით სიტუაციას; უფრო მეტი ადამიანი მოდის (ტაჯიკეთში - რედ.), ვიდრე ტოვებს ქვეყანას," - თქვა ნოდირიმ.

ის მიიჩნევს, რომ ასეთი ნაკადი დროებითი მოვლენა იქნება.

გამომძიებლების თქმით, მოსკოვის მახლობლად მდებარე Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის ოთხივე პირდაპირი დამნაშავე ტაჯიკეთის მოქალაქეა.

რუსეთის ფედერაციაში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის შემდეგ გახშირდა მიგრანტების შემოწმებები და რეიდები. მაგალითად, უფლებადამცველი ორგანიზაცია "პირველი დეპარტამენტის" ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში დაიწყო ფართომასშტაბიანი ოპერაცია "ანტიმიგრანტი" შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეების დეპორტაციის მიზნით. მოსკოვში, კროკუსზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, გაძლიერდა "აღმოსავლური გარეგნობის" მქონე ადამიანების შემოწმება.

მანამდე, სახელმწიფო სათათბიროში ანექსირებული ყირიმის დეპუტატმა მიხაილ შერემეტმა მოითხოვა რუსეთში მიგრანტების შესვლის შეზღუდვა უკრაინის ომის დასრულებამდე.

მსგავსი სიახლეები