კულება: უკრაინას და მსოფლიოს გამარჯვება სჭირდება და არა ფრე
რუსეთთან ნაადრევი სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზების ნაცვლად, პარტნიორების მიზანი უნდა იყოს უკრაინის გამარჯვება, რომელიც მოიტანს მდგრად და სამართლიან მშვიდობას ევროპის კონტინენტზე.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ პან-ევროპული კავშირის საიუბილეო კონგრესისთვის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც ვენაში, ორგანიზაციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.
"ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და არა ფრე. თუ რუსეთს ახლავე მიეცემა პაუზის უფლება, პუტინი შექმნის გაყინულ კონფლიქტს შუა ევროპაში, გიგანტურ ნელი მოქმედების ბომბს, რომელიც ყოველ წამს მზად იქნება, აფეთქდეს", - თქვა კულებამ.
მისი თქმით, მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ ისწრაფვის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა, მაგრამ "ასეთი ომები ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებით უნდა დასრულდეს".
კულებამ პარტნიორებს მოუწოდა, ერთად იმუშაონ მთავარი მიზნის - უკრაინის გამარჯვების მისაღწევად.