ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე - რა ვიცით
რუსეთის არმიამ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. სარაკეტო შეტევების უდიდესი ნაწილი კიევსა და უკრაინის ჩრდილოეთ რაიონებზე მოდის, თუმცა კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანებულია ქვეყნის თითქმის ყველა რაიონში, მათ შორის დასავლეთ ნაწილსა და უმსხვილეს ქალაქებში.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლის, იური იგნატის თქმით, უკრაინის მიმართულებით ჯამურად 100-მდე რაკეტა გაისროლეს, მათი ნაწილი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გააუნებელყვეს, თუმცა მიყენებული ზიანი რიგ შემთხვევებში კრიტიკულია.
საჰაერო განგაში მუშაობდა უკრაინის ყველა რაიონში - აქამდე ყველაზე მასშტაბურ სარაკეტო იერიშად 10 ოქტომბერი მიიჩნეოდა, როდესაც მთელი უკრაინის ტერიტორიაზე 84 რაკეტა ჩამოვარდა.
- კიევზე პირველი სარაკეტო შეტევების შესახებ ცნობები ადგილობრივი დროით დაახლოებით 17 საათზე გავრცელდა. დაზიანებულია ქალაქის ენერგეტიკული ობიექტების დიდი ნაწილი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა კიევის მაცხოვრებლების ნახევარი;
- ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა რეგიონის კრიტიკულ ენერგეტიკულ ობიექტებზე. შეინიშნება დენის ავარიული გათიშვები;
- აფეთქებები მოხდა ლვოვშიც - ქალაქის მერის, ანდრეი სადავოის თქმით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს. შეჩერებულია ელექტროტრანსპორტის მოძრაობა და შეფერხებით მუშაობს მობილური კავშირი;
- ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა ჟიტომირის რეგიონის - ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერი, სერგეი სუხომლინი ავრცელებს;
- კრივოი როგში სერიოზული დაზიანებების შესახებ იტყობინება დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ რეზნიჩენკო;
- კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ხმელნიცკის რაიონის დიდ ნაწილს;
- ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ტერნოპოლის რაონის 90%-ს;
- ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა უკრაინის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ როვნოში;
- ავარიული გათიშვები დაიწყო სუმის რაიონშიც - ინფორმაციას ამის შესახებ რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრი ჟივიცკი ავრცელებს;
- ავარიული გათიშვები დაწყების შესახებ იტყობინება ქალაქ პოლტავას მერი, ალექსანდ მამაიც.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ეს არის ყველაზე მასირებული სარაკეტო თავდასხმა ქვეყნის ენერგეტიკულ ობიექტებზე ომის დაწყების შემდეგ.
დაზიანებების შედეგად უკრაინის ინტერნეტ-ტრაფიკი დროის მოკლე მონაკვეთში 67%-ით შემცირდა. შეფერხებით მუშაობს მობილური კავშირიც, რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობა შეაჩერა კიევის მეტროს ნაწილმაც.
ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე ერთი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის შესახებ.
ვლადიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენლების თქმით, ელექტრომამარაგების კუთხით კრიტიკული ვითარებაა. უკრენერგო იძულებულია დაიწყოს საგანგებო გათიშვები ენერგოსისტემის ბალანსირებისთვის", - ნათქვამია ზელენსკის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სარაკეტო თავდასხმების შემდეგ საგანგებო მიმართვა გაავრცელა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელმაც მოქალაქეებს მოუწოდა დარჩენილიყვნენ თავშესაფრებში. "ჩვენ ვმუშაობთ, ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს გადავიტანთ, დიდება უკრაინას", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთისგან მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმების შესახებ რამდენიმე დღის წინ საუბრობდა უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელი, იური იგნატი. მისი თქმით, ეს კავშირში ინდონეზიაში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტთან.
უკრაინაზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევებს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, რომელმაც მომხდარი დაგმო.
"სარაკეტო თავდასხმები მხოლოდ ვლადიმირ პუტინის სისუსტეზე მეტყველებს",- განაცხადეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამ დროისთვის უკრაინის უმეტეს რაიონებში საჰაერო განგაში შეწყდა, თუმცა ჯერჯერობით რთული სათქმელია, მიიტანს თუ არა რუსეთი დამატებით დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე.