ზალუჟნი: რუსეთთან ომში 9000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ თითქმის 9000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ვეტერანთა და მოხალისეთა ფორუმის გახსნაზე გამოსვლისას განაცხადა.

მთავარსარდლის თქმით, ვეტერანთა დაცვის საკითხზე მსჯელობისას სახელმწიფომ ყურადღება უნდა გაამახვილოს დაღუპული სამხედროების ოჯახებზე.

"ჩვენს პატარა შვილებს, რომლებიც არ არიან დამნაშავეები, რომ აქ და ახლა დაიბადნენ, მათ აუცილებლად სჭირდებათ დაცვა, როგორც იქ, სოლედართან, ბახმუტთან და ბალშაია ნოვოსელკასთან და აქ, ზურგში, რადგან მათი მამა წავიდა წინ და ალბათ ზოგიერთი მათგანი არის იმ 9 ათას ჩვენს გმირთა შორის, რომლებიც დაიღუპნენ", - განაცხადა მან.

ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ ბავშვები უნდა გაიზარდონ დაცულობის და უსაფრთხოების განცდაში, გააცნობიერონ, რომ მათ აქვთ მომავალი.

"ჩვენს ქალებს, ცოლებს და დედებსაც სჭირდებათ დახმარება ნანგრევების ქვეშ, რადგან მათ ქმრებს, შვილებს ან ქალიშვილებს შეეძლოთ დახმარებოდნენ, მაგრამ ისინი იქ არიან, იარაღი აქვთ ხელში და ყველაფერს აკეთებენ, რომ ბუჩა და გოსტომელი არ განმეორდეს", - დასძინა მან.  

მსგავსი სიახლეები