ზამთარში აშშ რუსეთ-უკრაინას შორის დიპლომატიის განახლების შანსს ხედავს - NBC
ზამთარში საომარი მოქმედებების ტემპის შენელებასთან ერთად, ამერიკული ადმინისტრაციის ზოგი წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივას ხედავს.
ინფრომაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხი NBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკული ესტაბლიშმენტის ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის არცერთ მხარეს არ შეუძლია დეკლარირებული სამხედრო მიზნების მიღწევა, როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას, რაც დიპლომატიის განახლების შანსს იძლევა.
ტელეარხის ინფორმაციით, პარასკევს კიევში გამართული დაუნანონსებელი ვიზიტისას ჯეიკ სალივანის მიერ წამოჭრილი ერთ-ერთი საკითხი სწორედ მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივას ეხებოდა.
წყაროები ამბობენ, რომ სალივანი კიევში "ნიადაგის მოსინჯვას" შეეცადა. საკითხში გაცნობიერებული უკრაინული წყაროს ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში წამოაყენა იდეა, რომ მოლაპარაკებებისთვის გახსნილობა კი არ დაასუსტებს, არამედ კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის პოზიციას.
ამავე წყაროს ცნობით, სალივანის შეთავაზებას არ ჰქონია წნეხის ფორმა და პირიქით ის ცდილობდა უკრაინელების დარწმუნებას, რომ უკრაინის მხრიდან დიპლომატიისთვის გახსნილობა ხელს შეუწყობდა დასავლეთის ძალისხმევას უკრაინის დახმარების კუთხით.
თავის მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებისთვის მზაობას ომის დაწყების დღიდანვე გამოხატავდა, თუმცა წარმატებული იერიშების და რუსეთის მიერ ჩადენილი მასშტაბური სამხედრო დანაშაულების გამოაშკარავების ფონზე, უკრაინამ გამოაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდაზე არ დაჯდებოდა.
როგორც ჩანს, სწორედ დასავლეთთან მიერ გამართული მოლაპარაკებების შედეგია ზელენსკის პოზიციის ცვლილებაც - ამ თემაზე ჩაწერილ ბოლო ვიდეო მიმართვაში ზელენსკი აღარ ამბობს, რომ ის არ დაჯდება ვლადიმირ პუტინთან მოსალაპარაკებლად, თუმცა საკუთარ პირობებზე აყენებს.
უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი დიპლომატიური ძალისხმევის აღდგენისთვის აუცილებელია უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციო, რეპარაციების გადახდა და რუსი სამხედრო დამნაშავეების დასჯა.
ტელეარხის მიერ მომზადებულ მასალაში ხაზგასმულია, რომ დასავლეთს არ სურს უკრაინას კონკრეტული გადაწყვეტილებებისკენ უბიძგოს. მით უფრო, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენად შესაძლებელია კომპრომისის გამონახვა მხარეებს შორის.