ზელენსკი: ამ კვირაში რუსეთი ეცდება განსაკუთრებული სისასტიკე ჩაიდინოს უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უახლოეს კვირაში უკრაინელები მზად უნდა იყვნენ რუსეთის მხრიდან მორიგი სასტიკი ქმედებებისთვის.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ კვირაში რუსეთი შეეცდება რაღაც განსაკუთრებით საზიზღარი, რაღაც განსაკუთრებით სასტიკი ჩაიდინოს. ასეთია ჩვენი მტერი. მაგრამ ამ ექვს თვეში ნებისმიერ სხვა კვირაში რუსეთი ყოველთვის იგივეს აკეთებდა - საზიზღრობას და სისასტიკეს." - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ამას "მტრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა" უწოდა.

"ჩვენი, უკრაინელების, დამცირება, ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი გმირების გაუფასურება, ურწმუნოების, შიშის გავრცელება, კონფლიქტების გავრცელება... ამიტომ მნიშვნელოვანია, არასოდეს და არც ერთი წუთით არ ავყვეთ მტრის ამ ზეწოლას, არ მოვიტყუოთ თავი და სისუსტე არ გამოვავლინოთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინელები უნდა იყვნენ "საკმარისად ძლიერები, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ მტრის ნებისმიერ პროვოკაციას".

"[აუცილებელია] ოკუპანტებმა პასუხი აგონ ყველა დაბომბვასა და ტერორზე - ხარკოვისთვის და დონბასისთვის, აზოვსტალისთვის და ნიკოლაევისთვის, ფილტრაციის ბანაკებისთვის, ბუჩასთვის, ირპენისთვის, ყველა ქალაქისთვის... ჩვენ ყველანი საკმარისად ძლიერი უნდა ვიყოთ. უნდა გავუძლოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ უკრაინის გამარჯვებამდე", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები